ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, ოცნებამ დეოლიგარქიზაციის კანონი II მოსმენით მიიღო

პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიღებას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა.

ქართულმა ოცნებამ საკითხი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაუგეგმავად გამოიტანა.

გუშინ ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა და მმართველი პარტიის მიერ შესწორებული ვარიანტი გააკრიტიკა. მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ შესწორებული კანონპროექტი არ უნდა მიიღოს. დასკვნის თანახმად, ის ვერ იქნება დანახული როგორც დემოკრატიული ან ეფექტური პასუხი ოლიგარქიზაციაზე.

კენჭისყრამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მიღება ევროპული კომისიის რეკომენდაციაა და იმისათვის, რომ არ დარჩეს სასპეკულაციო სივრცე, “მიზანშეწონილია, ამ პროექტის კანონად მიღება”.

მოგეხსენებათ, ჩვენ ვენეციის კომისიას გავუგზავნეთ დასკვნისთვის შესაბამისი ცვლილებები, რომელიც უკავშირდება დეოლიგარქიზაციას, ვენეციის კომისიამ დაამტკიცა განახლებული დასკვნა 12 ივნისის თარიღის და აღნიშნავს, რომ ყველა ის ცვლილება, რომელიც იქნა ჩვენი მხრიდან შეტანილი წარმოდგენილ პროექტში, უმეტესწილად არის ასახული, უბრალოდ კომისიას მიაჩნია, რომ პერსონალური მიდგომა, რომელთან დაკავშირებითაც ჰქონდა მოსაზრებები, ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება ამ პერსონალურ მიდგომაზე საერთოდ უარი ითქვას.

ეს არის ერთი საკითხი, თუმცა ჩვენ შესწორებას ვაკეთებთ ევროპული კომისიის გადაწყვეტილებაზე და იცით,  რომ ჩვენ განგვესაზღვრა ეს პუნქტი შესასრულებლად. ამიტომ, სასპეკულაციო სივრცე რომ არ დარჩეს, მიზანშეწონილია, რომ ეს პროექტი მივიღოთ კანონად. შეიქმნა მოცემულობა, რომ ევროპულმა კომისიამ აღნიშნა, რომ ეს პუნქტი შესასრულებელია, ევროპულმა კომისიამ უკრაინას მოუწოდა, დაეწყო მიღებული კანონის აღსრულების იმპლემენტაცია და ახლა, ვენეციის კომისია, ევროპული სტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპერტული დანაყოფი ამბობს, რომ ის კანონი, რომელზეც ევროპულმა კომისიამ უთხრა უკრაინასაც, რომ აღსრულება დაწყებულიყო, გააუქმონ. 

რეალურად, გვაქვს მოცემულობა ორ ევროპულ სტრუქტურას შორის კოლიზიის, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორება გავაკეთოთ ევროპულ კომისიაზე, კანონი მივიღოთ, რომ სასპეკულაციო სივრცე არ დარჩეს, თუმცა არ ავამოქმედოთ გამოქვეყნებისთანავე. თუ ევროპული კომისია იტყვის, რომ ეს პუნქტი მათთან მოხსნილია, მაშინ ის დათქმა, რომ 2024 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდეს, ჩვენ შეგვიძლია, რომ 1-ელ მარტამდე საერთოდ, თუ ევროკომისია ამ პუნქტს მოხსნის, საერთოდ არ ავამოქმედოთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

***

საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო. შემდეგ კი, განხილვა აღარ გაგრძელდა და ვენეციის კომისიაში გაიგზავნა.

დეოლიგარქიზაციაზე მუშაობა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი რეკომენდაცია. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე იმუშაოს.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას პირდაპირ გულისხმობენ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საქართველოში არაფორმალურ მმართველად მიიჩნევა. ამავე დროს, კი მმართველ გუნდში ბრალდებებს უარყოფენ და ივანიშვილს მეცენატად და პოლიტიკიდან გასულ პირად წარმოაჩენენ.

ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ოლიგარქების სიას პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა შეადგენს – დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში შევიდა ცვლილება, რომ ე.წ. ოლიგარქთა რეესტრის შედგენა პრემიერმინისტრის კომპეტენცია იქნება.

კანონპროექტით, ოლიგარქების სპეციალური რეესტრის შედგენაზე პასუხისმგებელი იყო პარლამენტი, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს პროექტში ცვლილებების შეტანა შესთავაზა.

პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share