ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.
ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც ისინი ცენტრის დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.
როგორ აფასებს რეჟისორი ნანა ჯორჯაძე დღეს კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს – დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად სამინისტროს კადრის დანიშვნასა და რეორგანიზების დაწყებას:
„დიდი ხანია, ვხედავ კულტურის დამონებისა და დამოუკიდებელი კინემატოგრაფის საერთოდ მოსპობის საფრთხეს. ძალიან ცუდ დღეშია განათლება, კულტურის სხვადასხვა სფერო. ვინც კი პროფესიონალია, ნიჭიერია, განათლებულია, ყველა გარბის ჩვენი ქვეყნიდან, რადგან საკუთარ ქვეყანაში ვერ ხედავს თავისი ნიჭისა და პოტენციალის გამოყენების საშუალებას. სამწუხაროდ, ნიჭსა და პროფესიონალიზმს ჩვენს ქვეყანაში დაფასება არ აქვს, და ეს არის ტრაგედია“, – უთხრა „პუბლიკას“ სატელეფონო ინტერვიუში რეჟისორმა, სცენარისტმა და მსახიობმა – ნანა ჯორჯაძემ.
publika.ge