ბათუმის მერიიდან თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

ბათუმის მერიის მუნიციპალურ სამსახურში ხმაური იყო. თანამშრომელი ლელა ჩხაიძე სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს.

ლელა ჩხაიძე ამბობს, რომ ის სამსახურიდან  31 დეკემბერს გაათავისუფლეს, თუმცა ამის შესახებ თავად გუშინ გაიგო.

ლელა ჩხაიძის თქმით, ის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, რადგან ერთერთი ტელევიზიის ეთერში შეამჩნიეს, რომ ის ბათუმში, თავისუფლების კვარტალში, აქციაზე იყო.

გარდა ამისა, ჩხაიძე, არჩევნებში მხარს უჭერდა ნაციონალურ მოძრაობას – საარჩევნოდ მიმაგრებული იყო ერთ ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც “ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა რესან კონცელიძემ, ენმ–ს კანდიდატ ლევან ვარშალომიძესთან წააგო.

ლელა ჩხაიძე გათავისუფლებას სწორედ ენმ–ს მხარდაჭერას უკავშირებს. ის ამბობს, რომ მარტოხელაა და სხვა შემოსავალი არ გააჩნია. მას განუმარტეს, რომ შემცირება პანდემიის გამო მოხდა, თუმცა ის მხოლოდ ერთი თანამშრომელია, რომელიც მუნიციპალური სამსახურიდან, პანდემიის გამო გაათავისუფლეს.

დღეს, ბათუმის მუნიციპალურ სამსახურში გათავისუფლებულ ლელა ჩხაიძესთან ერთად მივიდა ბათუმის საკრებულოს წევრი ლევან ანთაძე, რათა განმარტება მოესმინა გათავისუფლების შესახებ, თუმცა მათ არავინ არ დახვდათ.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის მუნიციპალურ სამსახურს, “ოცნების” დეპუტატის რესან კონცელიძის შვილი არჩილ კონცელიძე ხელმძღვანელობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: