ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში რუსების შემოსვლა კონტროლს საჭიროებს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული პროპაგანდის საფრთხის პირობებში, საჭიროა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა კონტროლდებოდეს. მისი თქმით, არ შეიძლება, ქვეყანაში დიდი რაოდენობის რუსები ისე შემოვიდნენ, რომ არ ვიცოდეთ, ვინ არიან.

“ჩვენ შემთხვევაში, ამ მომენტში, არ მგონია, რომ სამხედრო საფრთხე არსებობს – პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ მიმდინარე სამხედრო ოკუპაცია გვაქვს […] მაგრამ ვფიქრობ, რაც ხდება და რაც მეტად მოხდება, არის ის, რომ რუსეთი ტესტავს მეორე ფრონტის რბილ ძალას, რაც არის პროპაგანდა, რაც ხდება რუსების საქართველოში შემოსვლით, რომელსაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სჭირდება კონტროლი.

უმეტესობა არის ხალხი, რომელიც დღევანდელ რუსეთს გამოურბის, ამიტომ ისინი არ არიან პრო-პუტინისტი მოსახლეობა, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ვიცით საფრთხე, რომელსაც რუსეთი იყენებს, რომ თუ რუსულად მოლაპარაკე ხალხი არ არის სწორად დაცული, ეს, შეიძლება, გახდეს რუსეთის ჩარევის მიზეზი, მაგრამ კიდევ ერთხელ, ვერ ვხედავ, რომ მას აქვს რესურსი ან სურვილი გამოცადოს კიდევ ერთი ფრონტი დასავლეთის მიმართ საქართველოში, მაგრამ შეუძლია გამოცადოს რბილი ძალის პოლიტიკა, ანუ პროპაგანდა”, – განაცხადა მან.

სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, ისაუბრა უკრაინაში რუსეთის ომის მიმდინარეობასა და პრიგოჟინის აჯანყებაზე. მან თქვა, რომ ეს არის ახალი ფაზა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ დაიწყო, რადგან ამ თვეების განმავლობაში პუტინის ყველა გეგმა ერთი მეორის მიყოლებით ჩავარდა.

მისი თქმით, ყველაფერმა, რაც პუტინმა გააკეთა, მისთვის მოულოდნელი რეაქციები გამოიწვია, მათ შორის, ერთიანი ევროპა, გაძლიერებული NATO, წარუმატებელი მობილიზაცია და “ამ სპექტაკლის ბოლო აქტი”, ანუ ვაგნერის აჯანყება. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რუსული არმია შერცხვენილია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share