„ჯვარი გამოსჭერი ვაზის ნასხლევიდან და ცხელი ჭრილობა თმებით შეუხვიე“ – დღეს ნინოობაა

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორი ქალწულის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს – „ნინოობას“ აღნიშნავს.

წმინდა ნინო დაახლოებით 280 წელს დაიბადა კაბადოკიაში, ქრისტიანთა ოჯახში. ნინო ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. მამა – ზაბულონი, წმინდა გიორგის თანამოქალაქე და სამხედრო პირი იყო, დედა – სოსანა იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის და იყო.

მას შედეგ, რაც ნინოს მამამ გადაწყვიტა მიეტოვებინა ოჯახი, წასულიყო მონასტერში და აღკვეცილიყო ბერად, სოსანა 12 წლის შვილთან ერთად იერუსალიმში მიდის ძმასთან.

პატრიარქმა იუბენალმა სოსანა ავადმყოფი და დავრდომილი ქალების მომვლელად დაადგინა, 12 წლის ნინო კი მოხუც ქრისტიან ქალს სარა ნიფორელს მიაბარეს აღსაზრდელად. ძიძა გოგონას ხშირად უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების შესახებ. ნინომ აღმზრდელისგან შეიტყო, რომ მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ მაცხოვრის კვართი ქართველ ებრაელებს ხვდათ წილად.

ამის შედეგ წმინდა ნინო ერთ წარჩინებულ ქალთან ერთად ეფესოში მიდის ქრისტიანობის საქადაგებლად, სადაც მან ორი წელი გაატარა.

შემდეგ ეფესოდან სომხეთისკენ გამოემართა წმინდანი, მის მიერვე ქრისტიანად მოქცეულ წარჩინებულ რიფსიმესთან და მის აღმზრდელ გაიანესთან ერთად, რომელნიც მოგვიანებით სომხეთის წარმართმა მეფემ ქრისტეს აღიარებისთვის სიკვდილით დასაჯა.

წმინდა ნინო სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა და ფარავნის ტბის გზით საქართველოსკენ გამოემართა…

საქართველოში „ნინოობა“ წელიწადში ორჯერ აღინიშნება – პირველ ივნისს, წმინდანის საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს.

წმინდანი სიღნაღში, ბოდბის მონასტერშია დაკრძალული და დღემდე მის საფლავთან უამრავი მორწმუნე მიდის, დღემდე აღესრულება წმინდანის საფლავთან უამრავი სასწაული.

ნინოს ვაზის ჯვარი, რომელიც წმინდანს ღვთისმშობელმა გადასცა, დღემდე საქართველოშია და სიონის საპატრიარქო ტაძარშია დასვენებული.

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა ჯვარს სასულიერო პირები გამოაბრძანებენ ხოლმე და მორწმუნე მრევლს ეძლევა საშუალება წმინდა ჯვრის მთხვევისა და პატივის მიგებისა.

დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღესრულება სადღესასწაულო წირვა.

ქართველთა განმანათლებლის სახელი – ნინო დიდი პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს ქართველ ერში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში გოგონათა სახელებს შორის რაოდენობით სწორედ სახელი ნინოა პირველ ადგილზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: