ბახვი 2 ჰესის ტყის განაშენიანების გეგმა

ბახვი 2 ჰესი მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბახვისწყალზე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 68 166 ჰექტარია, საიდანაც, 22 164 ჰექტარი ტყის ფონდს უჭირავს. ბახვი ჰესის საპროექტო ტერიტორია კი 20 ჰექტარს შეადგენს, რაც  მთლიანი ტყის საფარის 0.09%-ია.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის თანახმად, რომელზეც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 30 მაისს გამოსცა, კომპანიას ჩატარებული აქვს ხეების აღრიცხვა და შეთანხმებული აქვს ტერიტორიაზე ხეების ჭრის გეგმა. აღსანიშნავია, რომ სამუშაოები ჩატარდება აღნიშნულ ფართობზე არსებულ სხვადასხვა ტერიტორიაზე.  რიგ შემთხვევაში მოცემულ ტერიტორიებზე გვხვდება მხოლოდ ბუჩქნარი და მცირე დიამეტრის ხეები. კანონმდებლობის მიხედვით კომპანიას ევალება სპეციალური წესით დადგენილი კომპენსაციის გადახდა მოჭრილი ხეების სანაცვლოდ, რის შემდეგაც ის თავისუფლდება სხვა ვალდებულებებისგან.   თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, ბახვი ჰესი მშენებლობას ახორციელებს როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე, საერთაშორისო  საფინანსო ინსტიტუტების IFC და EIB-ის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების სრული დაცვით, რაც გვკარნახობს, როგორც კომპენსაციის გადახდას, ასევე, კეთილი ნების ფარგლებში, ტყის განაშენიანების  სამუშაოების ჩატარებას. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ყოველი 1 ჰექტარის საპირწონედ, განაშენიანდება 2 ჰექტარი. ბახვი 2 ჰესის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 40 ჰექტარი მიწის ფართობის განაშენიანება.

ბახვი ჰესმა უკვე დაიწყო ტყის  განაშენიანების გეგმის შემუშავება, რისთვისაც დაიქირავა კომპანია ეკოლუჟენი. გეგმა მზად იქნება 2023 წლის სექტემბერში, რა დროსაც დაგეგმილია მისი ფართო წრეებისთვის წარდგენა. პარალელურად, კომპანია მუშაობს ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან, რათა მათ მიერ გამოიყოს ფართობი,  სადაც ენდემური ჯიშის ნერგები დაირგვება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share