ამერიკული სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შეტანილი კასეტური საბრძოლო მასალები, მნიშვნელოვნად დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციაში და მრავალი უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლის გადარჩენაში – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
ოლექსი რეზნიკოვი ამბობს, რომ კიევი დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა დასავლეთს კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემას, მათი გამოყენება კი არ არღვევს უკრაინის მიერ რატიფიცირებულ არცერთ საერთაშორისო დოკუმენტს, მით უმეტეს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან აქტიურად იყენებს ასეთ საბრძოლო მასალას.
„ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და გადავარჩინოთ ჩვენი ხალხის სიცოცხლე. ამისათვის საჭიროა ზიანი მივაყენოთ მტერს – ომის დამნაშავეებს, მოძალადეებს და მძარცველებს, რომლებიც იკავებენ ჩვენს ტერიტორიებს. რაც უფრო მეტ ზარალს მივაყენებთ მათ, მეტი უკრაინელის სიცოცხლეს გადავარჩენთ“, – განაცხადა მინისტრმა.
რეზნიკოვმა გამოყო 5 პრინციპი, რომელსაც უკრაინა კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებისას დაიცავს:
- ისინი გამოყენებული იქნება მხოლოდ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების დეოკუპაციისთვის და არა რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე დარტყმისთვის;
- შეიარაღებული ძალები არ გამოიყენებენ კასეტურ საბრძოლო მასალას ქალაქებში, რათა თავიდან აიცილონ რისკები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ისინი გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც რუსი სამხედროები არიან კონცენტრირებული მტრის თავდაცვის ხაზის გასარღვევად.
- ამ იარაღის გამოყენების ფაქტებისა და ადგილების ჩანაწერი იქნება მკაცრად დაცული.
- დეოკუპაციის შემდეგ, ამ ტერიტორიებს მიენიჭება პრიორიტეტი განაღმვისთვის, რათა აღმოიფხვრას საშიშროება აუფეთქებელი ქვედანაყოფებიდან.
- უკრაინა აცნობებს პარტნიორებს კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების, მათ შორის მათი ეფექტურობის შესახებ.
შეგახსენებთ, ახალი, $800 მილიონიანი სამხედრო პაკეტის დახმარების ფარგლებში, აშშ-მ უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.