ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ მმართველმა გუნდმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად “ყველაფერი გააკეთა, რაც შესაძლებელი იყო”. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
კობახიძის მტკიცებით, ქართული ოცნება “პირნათელია ევროკავშირის წინაშე” და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, “თუ იქნება პოლიტიკური სურვილი, დეკემბერში, ყველანაირი საშუალება აქვს ევროკავშირს, რომ საქართველოს მიანიჭოს სტატუსი”.
“ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ანგარიში წარვადგინეთ 12 პუნქტთან დაკავშირებით და ვაჩვენეთ, რომ რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ ივნისის ჩათვლით. საუბარი იყო არსებითად კანონების მიღებაზე, ეს იყო მთავარი ამოცანა და ყველა მიმართულებით კანონები გვაქვს მიღებული. რჩება მხოლოდ 3 დამატებითი რეკომენდაცია – ეს შეეხება დეოლიგარქიზაციას და გვაინტერესებს კონკრეტიკა, აქამდე არ ვიცოდით, რა იგულისხმებოდა და ამიტომ ვერ შევცვალეთ შესაბამისი კანონები, ასევე სასამართლოზეც არ ვიცით კონკრეტიკა, რომ გვცოდნოდა აქაც გავაკეთებდით რამეს და მანივალის რეკომენდაციები, აქაც ეს ნაკლებად პოლიტიკური საკითხია, მაგრამ ველოდებით რეკომენდაციებს. არ ვიცოდით, რას გულისხმობდნენ, ამიტომ ვერ შევცვალეთ ივნისამდე. მაგრამ სხვა სფეროებში, ყველგან შეიცვალა კანონები და მეტიც, არცერთ კანონთან დაკავშირებით დამატებითი რეკომენდაცია აღარ აქვთ. […]
აქედან ჩანს, რომ რაც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, ყველაფერი გავაკეთეთ. ტექნიკურ ნაწილში, პირნათელი ვართ ევროკავშირის წინაშე, შესაბამისად, თუ იქნება პოლიტიკური სურვილი, დეკემბერში, რა თქმა უნდა, ყველანაირი საშუალება აქვს ევროკავშირს, რომ მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – აცხადებს კობახიძე.
2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი – არა. საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა.
მდგომარეობის გამოსასწორებლად ევროკავშირმა საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა მისცა.
დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა – ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს.
ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ევროკავშირის მიერ დაკისრებული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, “ფაქტობრივად, ბოლოში გადის”. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რეკომენდაციები დიდწილად შესრულებულია და სრულად ივნისის ბოლომდე შესრულდება.
ოცნების მტკიცების ფონზე, 22 ივნისს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების შესახებ ევროკომისიის შუალედური მოხსენების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ EU-ის 12 რეკომენდაციიდან საქართველომ სრულად 3 შეასრულა.