ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის ლეჩხუმში ვიზიტის შესახებ წერს:
”როგორი ამორალურია, მშვიდობა უწოდო იმას, რომ შენი ქვეყნის 20 პროცენტი მტერსა აქვს მიტაცებული, ასიათასობით დევნილი გყავს და ყოველდღე ხალხს იტაცებენ საოკუპაციო ხაზიდან. შენი სისხლი და ხორცი უკრაინაში იღუპება საქართველოსთვის და ცხედრები ჩამოდის სამშობლოში. დიდი მადლობა, რომ ძაძები არ გვაცვიაო, ღარიბაშვილისთვის ათქმევინეს ვიღაც ქალს დაზეპირებული ტექსტი. რა ამორალურია, ძაძებიან ქალებს ვერ ხედავდე გარშემო, როცა 30 წელია, შავი არ გაუხდიათ ქვეყანაში რუსეთის ომების გამო.
აი, აქედან იწყება ყველაფერი. მორალურად დამხობილი არიან ამ ტექსტების ავტორებიც და შემსრულებლებიც. თუ ამ ძირითად საკითხს გაამრუდებ, მერე ყველაფერი ამოტრიალდება – ომი მშვიდობა იქნება, ოკუპაციაც მშვიდობა გახდება, მტერი კი მოყვრად იქცევა.
თუ ოკუპირებულ ქვეყანაში მშვიდობა შესაძლებელია, მაშინ ყველაფერი მოსულა. შეგუებაა ყველაფერთან. არც იოცნებოთო დაკარგულის დაბრუნებაზე. იყავით მონები და გექნებათ რუსული ,,მშვიდობა”. რუსული ,,მშვიდობა,, კი საბოლოოდ ომია. მარტო, მეგობრების გარეშე დარჩენილი საქართველოს წინააღმდეგ. გამანადგურებელი ომი, როცა არავინ გეხმარება და გიცავს.” – წერს სანაია.