დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ძალიან მკაცრი შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი არ არის.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯანდაცვის სისტემა დღეს უფრო მომზადებულია, ვიდრე გაზაფხულზე.
“დღეს ძალიან მკაცრ ლოკდაუნებზე აღარ არის საუბარი, მით უმეტეს იმ ტიპის ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. ეკონომიკას ვერ გააჩერებ, ადამიანებს მეტ სიღარიბეში ვეღარ უბიძგებ, ამიტომ საჭიროა ამ დანის პირზე სიარული, სწორი ბალანსი. ჯანდაცვის სისტემა დღეს ბევრად მზად არის, ვიდრე გაზაფხულზე, ჯანდაცვის სისტემა ბევრად მეტ დაწოლას უძლებს დღეს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო გაზაფხულზე”, – თქვა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, მაგალითად ქვეყანაში 240 000 ადამიანია დიაბეტით, თუმცა ქვეყანა არ იკეტება.
“უნდა გაიხსნას ეკონომიკაც და ამავე დროს მზადყოფნაც. გრიპის დროს ჩვენ ხომ არ ვკეტავთ ქვეყანას? ან დღეს 14 000 ინფიცირებულია, დიაბეტით ქვეყანაში გვყავს ოფიციალურად რეგისტრირებული 120 000 ადამიანი, დაახლოებით ერთი მაგდენია, ვინც არ არის რეგისტრირებული და 240 000 დიაბეტით ავადმყოფისთვის ქვეყანას ხომ არ ვკეტავთ? ჩვენ მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება”, – აღნიშნა გამყრელიძემ.
დღეს, 15 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გაზაფხულზე, კორონავირუსის პირველი შემთხვევების გამოვლენისთანავე, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა და რამდენიმე თვე გასტანა.