შაბათის ფორმულამ ამერიკელ გასტროენტეროლოგთან სტიუარტ ფინკელთან, რომელმაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არაერთი დასკვნა მოამზადა, ინტერვიუ ჩაწერა.
ფინკელი ასევე ერთ-ერთია იმ ექიმებს შორის, რომელმაც სასამართლოს ჩვენება მისცა.
გასტროენტეროლოგი ამბობს, რომ პროცესზე მას ხშირად აწყვეტინებდნენ საუბარს და ეს თარგმანის საბაბით ხდებოდა, თუმცა, ფინკელის თქმით, ყოველი ასეთი პაუზის შემდეგ, მას აზრის დასრულების საშუალება არ ეძლეოდა და სხვა კითხვაზე გადადიოდნენ.
“როგორც ვხვდები, თქვენს სასამართლოს არ უნდოდა მიმეცა ჩვენება, რომელშიც იქნებოდა, სიმართლე, სრული სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. ვარ დიდად შეურაცხყოფილი, რომ მიწოდეს მატყუარა, როცა წინასწარი განზრახვით არ მომცეს სიმართლის თქმის საშუალება. რა ტიპის სასამართლო იყოს ეს; არაოფიციალური სასამართლო, კორუმპირებული და არაპატიოსანი სასამართლო, ე.წ. კენგურუს სასამართლო, რომელსაც არ უნდოდა მოწმეებისგან ან პრეზიდენტ სააკაშვილის მოწმეებისგან მიეღო სრული ჩვენება? ეს არ იყო პატიოსანი სასამართლო პროცესი და დიდად წინააღმდეგი ვარ იმის, რომ მიწოდონ მატყუარა, როდესაც ჩვენების სრულად მიცემის უფლება არ მომცეს. სასამართლო იყო მთავრობის ინსტრუმენტი, რომელიც ასრულებდა მთავრობის ინსტრუქციებს”, – ამბობს გასტროენტეროლოგი.
დასკვნაში ფინკელი არასათანადო მკურნალობის და დიაგნოსტიკის გამო, კუჭის კიბოს განვითარების გაზრდილ რისკებზე წერდა. მაშინ, როცა სააკაშვილის დამძიმებული მდგომარეობის მიზეზის დადგენა ბოლომდე ვერ ხერხდებოდა, ფინკელის თქმით, მესამე პრეზიდენტს მკურნალობდნენ პრეპარატებით, რომლებიც არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებდა. მან შაბათის ფორმულას ეთერში ქართული ოცნების კრიტიკასაც უპასუხა.
“თუ თქვენი მთავრობა არ ცნობს ჩემს კვალიფიკაციებს, სირცხვილი თქვენს მთავრობას. არასოდეს მიმიღია არანაირი კრიტიკა და ბრალდებები, როგორიც თქვენი მთავრობის მხრიდან მივიღე. ქართველი გასტროენტეროლოგ ექსპერტი დამეთანხმა მე, რომ არ ჩატარებულა არანაირი დიაგნოსტიკური კვლევა იმასთან დაკავშირებით, მას ჰქონდა თუ არა ნაწლავური მალაბსორბცია. მან ასევე შემდგომ გასცა იგივე რეკომენდაცია, რომელიც მეც ასევე გავეცი ჩემს ჩვენებაში, რომ უნდა ჩატარებულიყო გარკვეული ტესტები. არ ვიცი ექიმ კეკელიძის მდგომარეობა ამჟამად, მასაც უწოდებს პრემიერმინისტრი მატყუარას თუ არა?… ძალიან მინდა ჩამოვიდე საქართველოში, ვნახო თქვენი ქვეყანა, შევხვდე ადამიანებს და შევხვდე პრეზიდენტ სააკაშვილს და ასევე დავუჯდე თქვენს პრემიერმინისტრს და გავანათლო ის, იმის შესახებ თუ რა განსხვავებაა სიმართლესა და ტყუილს შორის. მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, თქვენი პრემიერმინისტრი შემიძლია განვიხილო, როგორც “აპარატჩიკი”, – აღნიშნა ამერიკელმა გასტროენტეროლოგმა.
ქართულმა ოცნებამ ყველა იმ ექსპერტის პროფესიონალიზმი დააყენა ეჭვქვეშ, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კრიტიკული და საგანგაშო დასკვნები გამოაქვეყნეს. მათ შორის იყო ფინკელის დასკვნაც, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ სააკაშვილის მკურნალობა არ ჯდებოდა მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტებში.