“ხელისუფლებას უმძიმეს ტრადიციად ექცა მძევლების აყვანა”

ხელისუფლებას უმძიმეს ტრადიციად ექცა მძევლების აყვანა და შემდეგ ამ მძევლებით ვაჭრობა. ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკებების მაგიდაზე არსებული საკითხებით, ისტორიული ცვლილებების მიღება შეეძლოთ, თუმცა ეს შანსი ოპოზიციამ ხელიდან გაუშვა.-ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

“ხელისუფლებას ძალიან ცუდ ტრადიციად ექცა, უმძიმეს ტრადიციად ექცა მძევლების აყვანა და შემდეგ ამ მძევლებით ვაჭრობა და ამიტომაც მიმაჩნია, რომ ოპერაცია ხელისუფლების მიერ, რასაც ჰქვია ჯერ მძევლების აყვანა და შემდეგ ამის სანაცვლოდ ოპოზიციასთან ვაჭრობა პარლამენტში შესვლა-არ შესვლის მიზნით, გამორიცხულია, რომ ოპოზიცია ამაზე წავიდეს. რაც შეეხება იმ პუნქტებს, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდაზე იდო, მართლაც იყო იმის შანსი, რომ ისტორიული ცვლილებები მიეღოთ, მე ვგულისხმობ საარჩევნო კოდექსის ძირითადი პუნქტების ცვლილება, რომელსაც უნდა გამოეწვია გაყალბების რისკების მინიმუმამდე დაყვანა არამხოლოდ უშუალოდ არჩევნების დღეს, არამედ მთელს საარჩევნო პროცესში ისევე, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის დაწევა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბარიერის დაწევა, პაკეტში ეს ყველაფერი ერთად აღებული იყო იმის შანსი, რომ ისტორიული, გარდამტეხი ცვლილებები მომხდარი და ეს შანსი მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ ხელიდან გაუშვა”, – განაცხადა ლაგაზიძემ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share