ბახვი ჰესი საქართველოში რეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც ბახვისწყლის ხეობაში ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების პროექტებს ახორციელებს. ის კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის შვილობილი კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ, ევროპული და ამერიკული ინვესტიციების მეშვეობით ახდენს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურების განვითარებასა და მშენებლობას.
ბახვი ჰესის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასა და მართვაში. ბახვი ჰესი საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების IFC-ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების სრული დაცვით.
კომპანიის მენეჯმენტი დიდ ყურადღებას უთმობს ახალი თაობის ხელშეწყობას და მათთვის ისეთი სამუშაო პირობებისა და გარემოს შეთავაზებას, რომელიც განვითარებაზე და პროფესიულ ზრდაზეა ორიენტირებული. ეს საკითხი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ოზურგეთის ოფისში, სადაც დასაქმებულ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ ინჟინრებთან, ენერგეტიკოსებთან, ფინანსისტებთან თუ გარემოსდამცველებთან ერთად მუშაობით გაიღრმავონ ცოდნა, შეიძინონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მიიღონ უნიკალური გამოცდილება. თუმცა, ამასთანავე, თანამშრომლების მხრიდანაც მნიშვნელოვანია იმ პრინციპების და კრიტერიუმების გაზიარება და დაცვა, რომლებიც შესაბამისობაში მოდის ბახვი ჰესის ინვესტორებისა და მენეჯმენტის ორგანიზაციულ ხედვასა და დასაქმების სტრატეგიული განვითარების გეგმასთან. კომპანიამ შეიმუშავა დასაქმების პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც მოგვიანებით ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოზე განიხილება და დამტკიცდება. დასაქმების პოლიტიკის დოკუმენტის უმთავრესი პრინციპია შრომის უსაფრთხოების ყველა არსებული ზომის დაცვით, სარგებლის გაზიარება გურიის იმ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც პროექტის განხორციელების არეალის სიახლოვეში ცხოვრობს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივი თემის გაძლიერებასა და შესაბამისად, გურიის რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. ბახვი ჰესში ადგილობრივი მოსახლეობის შერჩევისა და დასაქმების პროცესი შემდეგი პრინციპებით იმართება: კომპეტენტურობა, მიუკერძოებლობა, გამჭვირვალობა, დისციპლინა და შრომის უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა. განსაკუთრებულად მკაცრად კი, დისციპლინა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა კონტროლდება და ფასდება.