შოვში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, შესამოწმებელი რჩება მიწის მასის 10%

შოვში, სტიქიის ზონაში, ტრაგედიიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ, 15 აგვისტოს მონაცემებით, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შესაბამისად, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. გრძელდება კიდევ 7 მოქალაქის ძებნა.

ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმიზმის ნიშანი კლებულობს, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველების მუშაობა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების – რიონისა და ჭანჭახის კალაპოტში.

„ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 90 პროცენტი გადამოწმებულია. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ასევე უწყვეტ რეჟიმში, საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც ჩართული არიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის სამუშაოებში.

თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, სადაც სამუშაოებში მაშველებთან ერთად მე-3 ქვეითი ბრიგადისა და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონია მობილიზებული, მე-3 ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა სასტუმრო „სანსეტ შოვის” ტერიტორიაზე მიწის მასისგან გათავისუფლებისა და საძიებო სამუშაოებს ახორციელებს.

„სამუშაოები სპეცტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, რეზერვისტები და მაშველები კი შოვიდან ამბროლაურის მიმართულებით მდინარეების – ჭანჭახისა და რიონის კალაპოტების მონიტორინგს ახორციელებენ. მდინარის მონიტორინგის სამუშაოები ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდას უწყობს ხელს”, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. ამ ეტაპზე, შოვში, სტიქიის ზონაში 7 პირს ეძებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share