“2008 წლის ტრაგედია სააკაშვილის და მისი გუნდის დამსახურებაა”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
“პირველ რიგში, თუ “დამსახურებაზე” და დამსახურება ბრჭყალებში, მართლა ტრაგედიაზეა საუბარი, რაც მოხდა 2008 წელს, არის პირადად მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის დამსახურება, რომლებმაც მიატოვეს ხალხი კოდორის ხეობაში, მიატოვეს ხალხი დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში, ფრონეს ხეობაში და მერე, როდესაც რუსების ტანკებმა, რომლებიც მოდიოდნენ გორის ტრასაზე და აუხვიეს არ მახსოვს იმ სოფლის სახელი და ახალგორისკენ, ისეთი სიხარულით გვახარა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტელევიზორიდან, რომ არიქა, გადავრჩით, ახალგორის დასაპყრობად მიდიანო, თითქოს ახალგორი საქართველო არაა. მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუც გვახსოვს Newsweek-სთვის მიცემული, სადაც ამბობდა, რომ საქართველოს არაფერი დაუკარგავს, გარდა რამდენიმე ქვაღორღიანი ადგილისა, რომელსაც ფასი არ აქვს ქვეყნისთვის, სამაგიეროდ, ჩამოვხსენით ნიღაბი რუსეთსო.”- განაცხადა სუბარმა.