ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომელიც დაგეგმილია მდინარე ბახვისწყლის ხეობაში არსებული საპროექტო ტერიტორიის მიმდებარე სოფლებში. კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთისპირის თემში. სოციალური პროგრამის შემუშავების ეტაპზე მოხდა საჭიროებების კვლევა, რომლის მიხედვით ვანისქედში წყლის მომარაგების სისტემის შექმნა განისაზღვრა.
ბახვი ჰესის პროექტი, ვანისქედში მცხოვრები 46 აბონენტისთვის სუფთა წყლის მიწოდების სისტემის შექმნას ითვალისწინებს. მშენებლობის პირველ ფაზაზე მიმდინარეობს, შიდა დაქსელვა და ოჯახების მრიცხველებით უზრუნველყოფა. ეს სამუშაოები 2023 წლის სექტემბრის ბოლომდე დასრულდება. რაც შეეხება მეორე ფაზას, ის ითვალისწინებს სადგურის მშენებლობასა და აღჭურვას, ასევე წყლის შემკრებ რეზერვუარში წყლის შევსებას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული წყაროების მეშვეობით, რაც სატუმბი სისტემით განხორციელდება.
„გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ საშვილიშვილო პროექტს ვახორციელებთ ვანისქედში. 46 ოჯახში, ამ პროექტის მეშვეობით, ონკანში წყალი წამოვა, რაც ჩვენ მოსვლამდე ნამდვილად საოცნებო ჰქონდათ ვანიქედელებს. სწორედ ესაა ის სარგებელი, რაც დიდი კომპანიების შემოსვლას მოაქვს რეგიონში. ინფრასტრუქტურულ კომპანიებს თან მოაქვთ ცოდნა, გამოცდილება და სამართლიანობის პრინციპების დაცვით, სარგებლის გაზიარების პოლიტიკა. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ჩვენ, პროექტებს ვახორციელებთ არა მხოლოდ ხალხისთვის, არამედ სწორედ იმ ხალხთან ერთად, ვისთვისაც კეთდება პროექტი“ – აცხადებს დავით კობერიძე, ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერი.