ჯანმრთელობაზე წინ ბიზნესს არ დავაყენებთ- ტიკარაძე

“ჯანმრთელობაზე წინ ბიზნესს არ დავაყენებთ”- თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. ამ დრომდე, ბაზრობების გახსნის თარიღად 15 თებერვალს ასახელებდნენ, თუმცა, ახლა მინისტრი ამბობს, რომ ეს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული:
“მესმის, რომ არსებობს ბაზრობების რაც შეიძლება დროულად გახსნის საჭიროება. ჩვენ შევეცადეთ, დეტალურად აგვეხსნა მათთვის ყველა ის მიზეზი, რატომ არის მთავრობის მხრიდან გახსნის თანმიმდევრულობა დაცული.
ისინი საკმაოდ გაგებით მოეკიდნენ ამ გადაწყვეტილებას და შევჯერდით იმაზე, რომ გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ რიცხვზე, არამედ დავაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას.
როგორც კი ეპიდემია მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დროულად მივიღოთ გადაწყვეტილება ბაზრობების და სხვა ბიზნესის გახსნასთან დაკავშირებით, საბჭო იმსჯელებს ამის თაობაზე.
ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტი არის საქართველოს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობა. ამ პრიორიტეტებიდან და არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ნამდვილად ვერ დავაყენებთ ბიზნესის საკითხებს უფრო წინ, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზრობები არის ღია სივრცე, იქ ადამიანების ნაკადები გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მოლებში. ეს მნიშვნელოვნად აისახება შემდგომში ინფექციის გავრცელებაზე.”

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share