გამოცემა obozrevatel-ის ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი უკვე რამდენიმე დღეა კომაშია. თავდაპირველად გროზნოდან ის მოსკოვში თვითმფრინავით გადაიყვანეს, თუმცა მოსკოვში ექიმები ვერაფერს გახდნენ და კადიროვი ისევ ჩეჩნეთში დააბრუნეს. კადიროვის გარემოცვა ლიდერის სამკურნალოდ გადაყვანას საზღვარგარეთ გეგმავს, უახლოეს მომავალში მას სავარაუდოდ, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გადაიყვანენ.
გამოცემა obozrevatel-ს ინფორმაცია წყარომ ჩეჩნური დიასპორიდან მიაწოდა. წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც მოსკოვში ექიმებმა კადიროვის კომიდან გამოყვანა ვერ შეძლეს, გადაწყდა, რომ ის საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ.
უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა გამოცემასთან დაადასტურა ინფორმაცია ჩეჩნეთის ლიდერის ჯანმრთელობის კრიტიკულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. იუსოვის თქმით, კადიროვს გაურთულდა ის დაავადებებიც, რომელსაც აქამდე ებრძოდა.
ინფორმაცია გამოცემა kavkazcenter-მა და Niyso-ს აქტივისტებმა გამოაქვეყნეს. მათი ცნობით, რამზან კადიროვმა 6 სექტემბრის დილას გონება დაკარგა და 7 სექტემბრის დილამდე გონდაკარგული იყო. კადიროვის გონების დაკარგვის მიზეზი კი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემცველი პრეპარატის მიღება გახდა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, 7 სექტემბრის დილით გამოფხიზლებული კადიროვი არაადეკვატურად იქცეოდა, დაცვას უბრძანა ადგილზე დარჩენილიყვნენ, თავად კი გროზნოს ქუჩებში სასეირნოდ გავიდა, პიჟამოში ჩაცმული კადიროვი თავისი რეზიდენციიდან ქალაქის მერიის შენობამდე მივიდა.