პრეზიდენტის თქმით, დასკვნის მიღების შემთხვევაში ფარცხალაძეს მოქალაქეობას შეუწყვეტს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნის მიღებას შემთხვევაში, მას დააკმაყოფილებს.

“პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტმა გაავრცელა.

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.

18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე “ქართველ-რუს ოლიგარქად” არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობას, არსებული ინფორმაციით, მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. ამაზე საუბრობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც.

საქართველოში არსებული კანონმდებლობის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, მას ავტომატურად უნდა დაეკარგა საქართველოს მოქალაქეობა. თუმცა ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ფარცხალაძე ამჟამად საქართველოს მოქალაქეა. მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო იუსტიციის სამინისტრომ.

ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებისთვის მას საქართველოს პრეზიდენტისთვის უნდა მიემართა. პრეზიდენტი კი უარყოფს, რომ ამ საკითხზე მის ადმინისტრაციაში რაიმე სახის განცხადება შევიდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share