სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დღეს დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 4 წევრი ჩაება, რომელთაგან მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ერთი აგრძელებს.
77 კგ წონით კატეგორიაში იური ლომაძემ პაველ ლიახი (7:2) და პატრიკ ადამ ბედნარში (10:1) დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში იაპონელ ნაო კუსაკასთან 0:10 წააგო. იაპონელმა ფინალში გასვლა ვერ მოახერხა და ქართველიც ვეღარ გაიყოლა რეპეშაჟში
დღევანდელი ორთაბრძოლები წაგების გარეშე ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ.) განვლო, რომელმაც გზიდან 3 მეტოქი ჩამოიცილა და ხვალ ოქროს მედლის მოპოვება ეცდება.
წურწუმიამ ალჟირელ დრიდის 12:2 სძლია, მოლდოველ დელეანუს – 10:0, ხოლო უზბეკი ორტიკბოევი 7:4 დაამარცხა. ფინალში ქართველი მოჭიდავის მეტოქე აზერბაიჯანელი მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონი აზერბაიჯანელი ელდანიზ აზიზლი იქნება.
წურწუმია ასპარეზობას ხვალ გააგრძელებს, როდესაც ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების კიდევ 3 წარმომადგენელი გავა: ფრიდონ აბულაძე (60 კგ.), რამაზ ზოიძე (72 კგ.) და გიორგი მელია (97 კგ.).
საინტერესოა, რომ მსოფლიოს პირველობას შარშანაც ბელგრადმა უმასპინძლა და ქართველი ბერძენ-რომაელების მონაგარი 2 ვერცხლის მედალი იყო. 2022 წელს ფინალები სწორედ წურწუმიამა (იმავე აზიზლისთან – 0:8) და ლერი აბულაძემ (63 კგ.) წააგეს.