მშფოთვარე შემოდგომა და იმპიჩმენტი ქართულად
რას ფიქრობს საზოგადოება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე?
“მსგავსი მოვლენები ანგრევს ქართულ სახელმწიფოს და ხალხის ნდობას ამ სახელმწიფოს მიმართ”
ლია მუხაშავრია – ადვოკატი:
– ის, რაც ფარცხალაძის გამო მოხდა, გვაფიქრებინებს, რომ ამ ქვეყანას, ამ სახელმწიფოს პატრონი არ ჰყავს. რატომ ვიხდით გადასახადებს, რატომ ვინახავთ ეროვნულ ბანკს, მთავრობას, პარლამენტს თუ უშიშროების საბჭოს, თუკი ისინი თავიანთ მოვალეობას არ ასრულებენ? თუკი პირველი პირები გაჭირვებული საქართველოს გაჭირვებული მოქალაქეების ხარჯზე სამთავრობო თვითმფრინავებით დასეირნობენ და ჩვენს ხარჯზე არხეინად ცხოვრობენ?! – ეს შეკითხვა, ალბათ, მარტო მე არ მაწუხებს! ასეთი მოვლენები ანგრევს არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ – ხალხის ნდობას სახელმწიფოს და ხელისუფლების მიმართ. ჩემს მაგალითზე გეტყვით: ადრე კრიტიკულად ვიყავი განწყობილი, ახლა კი ყველა მეზიზღება, ვინც ხალხის ნდობას ბოროტად იყენებს!
იგივე უნდა ვთქვა ბრიფინგზე, სადაც მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალება წინასწარ დაგვიანონსეს: თუ ასეთი მძიმე დანაშაული მზადდება ან უკვე მომზადებულია, პრესკონფერენციით კი არ უნდა გავიგოთ, უნდა გამოაცხადონ ინიციალები, რომ დააკავეს ესა და ეს მოქალაქე თუ მოქალაქეები, რომლებიც გადატრიალებას ამზადებდნენ… როდესაც სახელმწიფო გადატრიალებაზე ლაპარაკობ და არც ეჭვმიტანილს ასახელებ, არც ბრალდებულს, არც მტკიცებულება გაქვს და არც მოწმეები გყავს, ეს უფრო პიარკამპანიას ჰგავს. ასეთი დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ ძალიან საშიშია. ჩვენ სახელმწიფო იმისთვის გვჭირდება, რომ მან პროფესიონალები დაიქირაოს და ამ პროფესიონალებმა დაიცვან ჩვენი ფინანსური სტაბილურობა, გამოავლინონ ჯაშუშები თუ სახელმწიფო გადატრიალების მოსურნეები – ეს არის სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია და როცა სახელმწიფო ამ ფუნქციას არ ასრულებს, მისი ავტორიტეტი ეჭვქვეშ დგება! საბჭოთა პერიოდში ასეთი დანაშაულისთვის უდანაშაულო ხალხს იჭერდნენ და სჯიდნენ, ახლა კი – აღარავის იჭერენ და ტელევიზიით გვიცხადებენ, რომ ვიღაცას სერიოზული დანაშაული აქვს დაგეგმილი, თანაც, ეს პირველად არ ხდება – ჩვენ უკვე გვინახავს ასეთივე ბრიფინგები და პრესკონფერენციები, რომელსაც კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.
ამდენი ილაპარაკეს პრეზიდენტის იმპიჩმენტზეც, მაგრამ რეალური შედეგი ამასაც არ მოჰყვება, რატომ? – როდესაც შენ გყავს პრეზიდენტი, რომელსაც ერთ დროს თავგამოდებით იცავდი და მხარს უჭერდი, ახლა კი ამბობ, რომ იმპიჩმენტს იმსახურებს, ეს ძალიან სარისკო და საშიში მოვლენაა, რატომ? – იმიტომ, რომ სახელმწიფოს მიმართ ნიჰილიზმს აღვივებს. როდესაც ჩვენ ვხედავთ, როგორ დაფრინავენ ჩვენი მაღალჩინოსნები სამთავრობო თვითმფრინავებით და ამ დროს პრეზიდენტი თვითმფრინავის ბილეთს თვითონ ყიდულობს, როცა ჩვენი საფინანსო თუ სახელმწიფო ინსტიტუტები თავიანთ მოვალეობას ვერ ასრულებენ, ეს ჩვენს ქვეყანას მთელ მსოფლიოში არასასურველ იმიჯს უქმნის. მე, როგორც იურისტი და კონსტიტუციონალისტი, ვაღიარებ, რომ ეს ძალიან ცუდი, არასასიამოვნო ფაქტებია – არასასიამოვნო ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, რომელმაც ქართული სახელმწიფოს შესაქმნელად ამდენი იბრძოლა!
“იმპიჩმენტის გამოცხადებით, მთავრობამ საკუთარი სისუსტე აღიარა”
ლიზა ვადაჭკორია – ტელეწამყვანი:
– პოლიტიკასთან დაახლოებული პირი მეც არ ვარ, ამიტომ, მტკიცებით ფორმაში ვერაფერს გეტყვით, მაგრამ როგორც მოქალაქე, ჩემს აზრს ყველაფერზე გაგიზიარებთ: ძალიან ბევრი შეაშფოთა ბრიფინგმა, სადაც მოსალოდნელ სახელმწიფო გადატრიალებაზე ისაუბრეს. იცით, მე რა მიკვირს? – თავად მთავრობა ამტკიცებს, ოპოზიცია სუსტია და ვერაფერს მიაღწევსო თუ ოპოზიციას არა აქვს იმის უნარი, რომ დიდი რაოდენობით ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს, მსგავსი ბრიფინგების და პრესკონფერენციების გამართვა რა აუცილებელია?!
მესმის, რომ ეჭვობენ: თუ ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემს, მოქალაქეები მთავრობას გაუბრაზდებიანო, მაგრამ ამ შემთხვევაში, მხოლოდ მთავრობას რატომ უნდა გავუბრაზდეთ – უუნარობის გამო? მე მაგალითად, მარტო მთავრობაზე კი არა, ევროკავშირზეც გავბრაზდები: თუ უკრაინას და მოლდოვას აძლევენ ამ სტატუსს, ჩვენ რაღა დავაშავეთ? გვსაყვედურობენ, რუსები საქართველოში თავისუფლად შემოდიანო, მაგრამ არც ევროპაშია ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა – მე ეს საკუთარი თვალით ვნახე: ზაფხულში ბულგარეთში ვიყავი, სადაც ძალიან ბევრი რუსი იყო. რომ ვკითხე, როგორ ახერხებთ აქ ჩამოსვლას-მეთქი, მითხრეს, პროცედურები ცოტა გართულდა, მაგრამ მაინც ვახერხებთო. იტალიაშიც იგივე ხდება, სხვა ქვეყნებშიც და მარტო ჩვენ გვთხოვენ სანქციების დაცვას? თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, მეც ძალიან მეწყინება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქუჩაში გამოვვარდები და მიტინგებს მოვაწყობ – ჩემს არჩევანს 2024 წელს, საარჩევნო ყუთთან გავაკეთებ.
და ბოლოს, ჩვენს პრეზიდენტზეც უნდა ვთქვა: რას აშავებს სალომე ზურაბიშვილი, რომ მას იმპიჩმენტი გამოვუცხადოთ? პრეზიდენტია და ევროპელ ლიდერებს უნდა შეხვდეს, აბა, რა უნდა ქნას?! “ოცნების” მოყვანილია, თავად აირჩიეს და ახლა იმპიჩმენტს უწყობენ, რატომ? მე მიმაჩნია, რომ ის სწორად იქცევა: მის ევროპულ ვოიაჟებსაც მივესალმები, შოვში რომ ჩავიდა და საცოდავ, გამწარებულ ხალხს მიუსამძიმრა, ესეც მომეწონა და ნიკა გვარამია რომ გაათავისუფლა, ამ ნაბიჯსაც ვუწონებ. მე მგონი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოცხადებით, საკუთარი სისუსტე აღიარეს, რადგან პარლამენტში საკმარის 100 ხმასაც ვერ მოაგროვებენ – ამას მგონი, უკვე ხვდებიან!
“აღარ დასრულდა ამ ქვეყანაში ერთმანეთის სიძულვილი და დაპირისპირება!”
იმედა კახიანი – საქართველოს სახალხო არტისტი:
– ერთადერთი, რასაც ვნატრობ, მშვიდობაა. ძალიან მინდა, რომ საქართველოში სიმშვიდე იყოს, რომ ჩვენი შვილიშვილების თაობამ მაინც იცხოვროს დალაგებულ, აწყობილ ქვეყანაში… მესმის, რომ ოპოზიცია თავისას ცდილობს, მაგრამ ძალიან მაწუხებს ერთი რამ: როგორ შეიძლება ოპოზიცია მთელ მსოფლიოში დადიოდეს და საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო ამბებს ავრცელებდეს? შეიძლება ოპონენტები გააკრიტიკო და კიდეც გალანძღო, მაგრამ შენს ქვეყანაზე ცუდი როგორ უნდა თქვა, არ მესმის! როცა შენს სამშობლოზე ამბობ, რომ აქ ინვესტიცია არავინ უნდა ჩადოს, რომ აქ ცხოვრება და საქმიანობა სახიფათოა, ეს რით უნდა გავამართლოთ?! არა მგონია, ამ ხალხმა გადატრიალების მოწყობა შეძლოს, მაგრამ შფოთს და არეულობას ხომ შექმნის? – არეულობა კი, არავის უნდა! უკვე დავიღალეთ, ამდენი წელია, ერთ წრეზე ვტრიალებთ და მუდმივი შფოთის და არეულობის გამო, წინ ვერ მივდივართ. ერთი პოლიტიკური ძალის ბატონობისგან ღმერთმა დაგვიფაროს, ეს უკვე გამოვიარეთ, მაგრამ შენი ქვეყნის ინტერესები ყველაზე მაღლა უნდა დააყენო, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი პარტიის წევრი ხარ, ოპოზიციაში ხარ თუ მმართველ ძალას ეკუთვნი… მგონი, პირად ამბიციებზე ყველამ უარი უნდა ვთქვათ, ჩვენს სამშობლოზე ვიფიქროთ და არა – საკუთარ კეთილდღეობაზე. აღარ დასრულდა ამ ქვეყანაში სიძულვილი და დაპირისპირება – ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელიც დღევანდელ საქართველოს აქვს! როცა პრეზიდენტი ცალკე მოქმედებს, მთავრობა – ცალკე და პარლამენტი – ცალკე, ეს პირველ ყოვლისა, ჩვენი ქვეყნისთვისაა ცუდი და საზიანო.
კვირის პალიტრა