ოპოზიციონერი დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე, რომელსაც კოტე ზარნაძესთან დაპირისპირების შემდეგ თავს ჯგუფურად დაესხნენ, პოლიტმეტრთან ამბობს, რომ ერთი პირის, ტატო ხუნდაძის ამოცნობა შეძლო, რომელიც გამგეობაშია დასაქმებული. მისი თქმით, მას თავს დაახლოებით 30-მდე ადამიანი დაესხა, რომლებიც ადგილზე 4-5 მანქანით იყვნენ მისული.
“მე სადაც ვცხოვრობ, იქ მაქვს ავტოფარეხი, სადაც მოწყობილი მაქვს, სადაც ბიჭები ხანდახან, ახალგაზრდები, ჩემი ძმიშვილის მეგობრები PlayStation-ს თამაშობენ. ჩემი მეგობარი, კახა ალადაშვილი, რომელიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია, სხვათა შორის, კალაძესთან ერთად თამაშობდა და იქ ავარჯიშებს ბავშვებს და მოწყობილი გვაქვს იქ სავარჯიშო გარემო და ყველაფერი დალეწეს, აბსოლუტურად”, – ამბობს ის.
კითხვაზე, იყვნენ თუ არა თავდამსხმელები კასტეტებით შეიარაღებული, ეძგვერაძე ვარაუდობს, რომ ასეა, რადგან, დეპუტატის თქმით, მასთან ერთად მყოფ პირებს თავში მძიმე დაზიანებები აქვთ მიყენებული. მისივე თქმით, ადგილი, სადაც თავდასხმა მოხდა, ხალხმრავალია, ბავშვები გადაადგილდებოდნენ, კადრების გადაღებას ცდილობდნენ, თუმცა მათ ტელეფონები წაართვეს და დაუმტვრიეს.
გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. ამას წინ დღეს საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.
თავდასხმის დროს ეძგვერაძესთან ერთად მეგობრები იმყოფებოდნენ და მათაც სცემეს. მისი თქმით, მათ მოულოდნელად 20-მდე ადამიანი დაესხა თავს.
ზარნაძე ფორმულასთან უარყოფს, რომ თავდასხმა მასსა და ეძგვერაძეს შორის დაპირისპირებას უკავშირდება და ამბობს, რომ მომხდარი ძალადობის შესახებ პირველად ესმის.
მომხდარის შემდეგ ეძგვერაძის სახლთან ნაციონალური მოძრაობის წევრები მივიდნენ, რომლებიც პოლიციამ დააკავა. დაკავებულები არიან ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა.