გლდანის მაჟორიტარი, “ოცნების” დეპუტატ კოტე ზარნაძე ირაკლი ეძგვერაძეზე მომხდარ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს და ენმ-ის დეპუტატის წარსულზე აკეთებს აქცენტს
“ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. რაღაცას რომ მაბრალებენ, მე კი არ უნდა ვიმართლო თავი არამედ მათ უნდა დადონ ამის მტკიცებულება. როცა რაღაცას მაბრალებს ადამიანი, ნება უნდა იბოძოს და ამის მტკიცებულება დადოს. გადახედეთ მის წარსულ ცხოვრებას. ის არის ნასამართლევი, შეწყალებით გამოშვებული ადამიანი. ჩემს წარსულზე ვინმეს თუ რამე კითხვა აქვს, მზად ვარ, ნებისმიერ წუთს ამაზე პასუხი გავცე“, – განუცხადა ზარნაძემ “ინტერპრესნიუსს”.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებისა და ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, ენმ-ის დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს საკუთარ სახლთან ხელკეტებით შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და სცემეს. ნაცემი არიან ეძგვერაძის მეგობრებიც. ენმ მომხდარში სწორედ ზარნაძის გარემოცვას სდებს ბრალს და აცხადებს,რომ ჯგუფური თავდასხმა სწორედ “ოცნების” მიერ იყო ორგანიზებული.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.