ცნობილი ოზურგეთელი მწვრთნელი, (ფიფას ა კატეგორია) ხარიტონ ჩხატარაშვილი სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შესავსებად გამოცხადებული კონკურსის შედეგებს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ კომისიის 8 წევრიდან ჩხატარაშვილმა 0 ხმა მიიღო. ამის შესახებ ხარიტონ ჩხატარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
”ამონაწერი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შესავსებად გამოცხადებული კონკურსის ჩატარების უზრუნველყფნის მიზნით შექმნილი საკონკურსო კომიის ოქმი N 2. 13.09. 12სთ. 2023წ.
კომისიაზე მხოლოდ ერთი შეკითხვა დამისვა ექსპერტმა განათლების სამინისტროდან გიორგი მამასახლისმა, პასუხი გავეცი დადებითი, სხვა შეკითხვები კომისიის წევრების მხრიდან არ ყოფილა. კომისიის ოქმიდან ირკვევა რომ 8 კომისიის წევრიდან მივიღე 0 ხმა. როგორ ??? რის საფუძველზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება როცა კომისიის ადგილობრივ წევრებს შეკითხვა არ დაუსვიათ. კომისიის სხდომას არ ესწრებოდნენ სარდიონ ანდღულაძე, როზა გოგუაძე, როგორ შემაფასეს საინტერესოა როცა სხდომას არ ესწრებოდნენ, ასეთი ქმედება პიროვნების დევნა და დისკრინიმაციაა, გაგრძელება იქნება..” – წერს ხარიტონ ჩხატარაშვილი.
ცნობისთვის, 2023 წლის იანვარში ხარიტონ ჩხატარაშვილი ოზურგეთის “მერცხალის” ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების კოორდინატორის პოზიციიდან დაითხოვეს, რის შემდეგაც ცნობილმა სპეციალისტმა საქართველოს ეროვნული გამოცდები (პედაგოგობისათვის) წარმატებით ჩააბარა და ოზურგეთის რამდენიმე სკოლაში განაცხადიც შეიტანა ფიზკულტურის მასწავლებლის ვაკანსიაზე. გაიარა გასაუბრებაც, თუმცა მისივე სიტყვებით, გაუგებარი მიზეზების გამო, ყველა სკოლიდან უარი მიიღო. ხარიტონ ჩხატარაშვილი დარწმუნებულია, რომ ყველა ამ უარის უკან ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე დგას, რომელიც მას “განსხვავებული მოსაზრებების” გამო დევნის.