ადგილობრივი მოსახლეობა ოზურგეთის ხელისუფლების წინააღმდეგ

ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლების წინააღმდეგ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ნატანების თემის, სოფელ ჯაფარეულის მოსახლეობა, ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს, მესამე დღეა სოფელი მეწყერმა ორ ნაწილად გაყო – ხელისუფლებამ კი გაწმენდითი სამუშაოები ისე შეწყვიტა – გზის სავალი ნაწილიც კი არ გაუნთავისუფლებია

ადგილობრივები აცხადებენ რომ მიუხედავად ასეთი გაუსაძლისი მდგომარეობისა, ადგილზე მერი საერთოდ არ მისულა და ამბავიც არ უკითხავს

მესამე დღეა გარესამყაროს მოწყვეტილი 50 ოჯახი ფეხით შემოვლითი გზებით დადის სურსათისა და საჭირო ინვენტარის შესაძენათ.

„არ მინდა ცუდი რამ ვთქვა, მაგათ მივეცი ხმა მაგრამ არ შემიძლია სიმართლე არ ვაღიარო, ნამეტარი უყურადღებოთ ვართ, ახლა წინა ხელისუფლება აქანე „ვალინკებით” იქნებოდა და ამას ამბავიც არ უკითხავს, ვიყავი მერიაში ჩასული მაგრამ კაბინეტშიც კი არ დამხვდა, წარმოგიდგენით“ გვეუბნება ადგილობრივი ნანა კვაჭანტირაძე.

ანზორ ვასაძე გაკვირვებულია სამაშველო ოპერაციების შეწყვეტით:“მოვლენ 11 საათზე, მოიყვანებენ ერთ ტრაქტორს, პირველზე დაიწყებენ მუშაობას, ხუთზე წავლიან, ასე აი როის იქნება“ კითხულობს ის.

მაგული კვაჭანტირაძე გვიხსნის, რომ გუშინ „ბიჭები“ კი მუშაობდნენ და დღეს სად არიან არ იცის, რაც ძალიან აკვირვებს:

„გუშინ მუშაობდნენ, გაზიდენ ქვეყნის მიწა, მაგრამ დღეს სად არიან არ ვიცი, აი დამთავრებული არაა, გზაი არაა გახსნილი და გასაკვირია პირდაპირ“ – ამბობს ქალბატონი მაგული.

ადგილზე, დღეს, საკრებულოს დეპუტატები, თათია ნიკოლაშვილი და ბესო ქათამაძე იმყოფებოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ:

„მესამე დღეა გარე სამყაროს მოწყვეტილია 50 ოჯახი ოზურგეთის მერი არც კი ყოფილა ადგილზე, პიარით არის დაკავებული და ტროლების, საკრებულოს სამარცხვინო წევრების მობილიზებით სოციალურ ქსელში, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის, რეალობა არის ეს, უპატრონოდ მიტოვებული მოსახლეობა” აცხადებს ნიკოლაშვილი.

“ჩვეულებრივი და ტიპიური ამბავია, სამწუხაროდ, რაც აქ, ჯაფარეულში ვნახეთ, უპატრონოდ მიტოვებული მოსახლეობა, რომლის ბედიც ადგილობრივ ხელისუფლებას არ ადარდებს, ნაცვლად ხალხზე ზრუნვისა კორუფციაში არიან ყელამდე და ფულის კეთებით დაკავებულნი“ – გვითხრა ქათამაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share