თბილისის მერიას 2020 წლის ბიუჯეტიდან 69 მილიონი ლარი ასათვისებელი დარჩა და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყნისა და კონკრეტულად დედაქალაქის მცხოვრებლები კოვიდპანდემიის პირობებში ლუკმაპურის გარეშე დარჩნენ.
საბიუჯეტო განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატატები, რომლებიც დედაქალაქის მერიას სრულ უმოქმედობაში ადანაშაულობენ.
საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ხაბეიშვილი კი აღნიშნავს, რომ ასევე 1 მილიონით იზრდება მერიის სარეზერვო ფონდი, რომელიც უკონტროლო ფულს წარმოადგენს და სურვილისამებრ წარმართავს მერია.
“მთავარი შეკითხვა მერის მიმართ არის შემდეგი: 2020 წელს ადამიანები რომ ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძოდნენ, 69 მილიონის ათვისება როგორ ვერ მოხდა? ამ ფონზე, კალაძეს, უბრალოდ, მორჩა 69 მილიონი ლარი, ვერ აითვისა, მაშინ როდესაც უამრავი პენსიონერისთვის, გაჭირვებულისთვის, მშიერი ადამიანისთვის, ამ 69 მილიონიდან უამრავი სიკეთის გაკეთება შეიძლებოდა. ოპოზიცია არ დაესწრება დღევანდელ განხილვას, რადგან ეს არ არის საკრებულო, ეს არის ნოტარიუსთა პალატა”, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს დედაქალაქის საკრებულო, 2021 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს, რომელსაც წინა წლის ასათვისებელი თანხა დაემატება და ბიუჯეტის საერთო რაოდენობა ჯამში, 1 მილიარდ 105 მილიონი ლარი იქნება.