“გაერთიანებული სამეფო მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი  გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს. ოფიციალურ მილოცვაში ბორის ჯონსონი ხაზს უსვამს გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„გაერთიანებული სამეფო აფასებს მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსთან. ჩვენი საერთო ღირებულებები და ხედვები წარმოადგენს მტკიცე საფუძველს შემდგომი თანამშრომლობისთვის სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ქედს ვიხრი თქვენი და თქვენი მთავრობის შეუპოვრობის წინაშე, რომელსაც თქვენ იჩენთ რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. გაერთიანებული სამეფო მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე თქვენს მისწრაფებებს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით. ნატოს ალიანსს საფუძვლად უდევს დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულება. მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა მთავრობამ გააგრძელოს საარჩევნო რეფორმის მიმდინარე პროგრამა, ხოლო გაერთიანებული სამეფო, როგორც საქართველოს მეგობარი, მზად არის, მხარში დაგიდგეთ ამ პროცესში“, – აღნიშნავს ბორის ჯონსონი.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მოუთმენლად ელის თქვენთან და თქვენს გუნდთან თანამშრომლობის გაგრძელებას. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე“, – ნათქვამია ბორის ჯონსონის ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიიღო,

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share