ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტო თავდასხმა ისრაელზე. არის მსხვერპლი, არიან დაჭრილები და დაშავებულები. საჰაერო განგაშის ხმა დღეს გამთენიისას გაისმა თელავივსა და იმ ქალაქებში, რომლებიც ღაზის სექტორიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით არიან დაშორებული. თავდასხმა ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფება ,,ჰამასმა” განახორციელა. მან ისრაელის წინააღმდეგ ,,ოპერაცია ალ-აქსას წარღვნა” გამოაცხადა და მიზეზად ალ-აქსას მეჩეთის გამო შურისძიება დაასახელა. იერიშები მიიტანეს როგორც საჰაერო და ისე სახმელეთო. ჰამასმა ხელში ჩაიგდო ისრაელის სამხედრო ტექნიკის ნაწილიც. საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ინფორმაციით მათ ოპერაცია ,,რკინის ხმლები” დაიწყეს.
,,ჩვენ ომში ვართ და არა ოპერაციაში, არა ესკალაციაში, ომში და ჩვენ გავიმარჯვებთ!” ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას და პირობა დადო, რომ მტერი გადაიხდის იმ ფასს, რის შესახებაც აქამდე არც კი სმენია. ნეთანიაჰუმ უკვე გასცა ფართო სარეზერვო მობილიზაციის ბრძანება. ასევე დამტკიცებულია სამხედრო რეზერვისტების გაწვევაც. ქვეყნის ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას დაემორჩილონ შიდა სარდლობის და არმიის მითითებებს.