ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფორმულას უთხრეს, რომ პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად ხე მოტყდა, რომელიც მანქანას დაეცა. უწყებაში ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ქარმა ხე მოტეხა ასევე საბურთალოზე, ზაქარიაძის ქუჩაზეც.
გარდა ამისა, Facebook-ზე ვრცელდება ფოტოები, რომელშიც ჩანს, რომ მარიჯანის ქუჩაზე ქარმა მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო ბლოკები გადმოყარა, რომლებიც მანქანებს დაეცა.
უამინდობასთან დაკავშირებით განცხადებას თბილისის მერიაც ავრცელებს.
ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. უწყებაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე ხეების წაქცევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც ელექტროსადენები დააზიანა. ძლიერმა ქარმა ძირითადად საბურთალოს და ვაკის რაიონები დააზარალა.
საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი: 2722222.