“კაცობრიობის ისტორიამ თუ რამე გვასწავლა (ან ჯერ კიდევ ვერ გვასწავლა), მთავარი ისაა, რომ ბოროტებასთან კომპრომისი ახალი და უფრო დიდი უბედურების მომტანია.
ჰიტლერთან კომპრომისი მსოფლიოს შემოუტრიალდა ისტორიაში ყველაზე დიდი ომის სახით; დასავლეთის რუსეთთან ფლირტმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი ომი მოიტანა; ტერორისტებთან კომპრომისი სამყაროს წარმოუდგენელ კატასტროფად ექცევა.
ასე რომ, დილეტანტების მოსაზრება, თითქოს არსებობს “მეორე მხარე”, რომლის სიმართლე უნდა მოვისმინოთ, უკიდურესად სახიფათოა. “მეორე მხარე” არ არსებობს – არსებობს ტერორიზმი, რომელიც “მეორე მხარე” კი არა, ბოროტებაა და მას უნდა შეებრძოლო.
ყველას უნდა ესმოდეს, რომ ტერორიზმთან კომპრომისი ტერორისტების მხრიდან აღიქმება გამარჯვებად და არ დასრულდება მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში. კიდევ უფრო ძლიერად მოიკიდებს ფეხს მთელ მსოფლიოში. ყოველი კომპრომისი ტერორისტებს ახალ მიზნებს უსახავს და მომავალ გამარჯვებებზე აფიქრებს. ამიტომ ტერორიზმი ყოველ ჯერზე იქ და იმ დროს უნდა დამარცხდეს, სადაც შესაძლებელია.
როგორც უკრაინა იცავს მთელი მსოფლიოს თავისუფლებას, ისე იცავს ისრაელი მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას.
დღეს სწორედ უკრაინასა და ისრაელში გადის თავისუფლებისა და უსაფრთხოების ფრონტის ხაზები. თუ ეს ხაზები გაირღვა, მსოფლიოს ისეთი ფასი დაუჯდება, რომლის მსგავსი შეიძლება, არც უნახავს.
სამწუხაროდ, მხვდება ტექსტები, რომელიც გარკვეულწილად გამოწვეულია ახლო აღმოსავლეთისა და ისრაელის ისტორიის უცოდინრობითაც.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ტერორიზმის საფუძველი ტერიტორიული უთანხმოებაა, ვურჩევ, უფრო ღრმად გაერკვეს საკითხში.
არ არსებობს უფრო დიდი ჭირი, ვიდრე ტერორიზმი. ამ ჭირის განუყოფელი ნაწილია რუსეთიც – ყველაზე დიდი ტერორისტული სახელმწიფო.” – წერს ვახო სანაია.