სალომე ზურაბიშვილს სურდა, EU-ს კანდიდატის სტატუსისთვის ემუშავა… ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაცაა – რასა იუკნევიჩიენე

“სალომე ზურაბიშვილს სურდა, EU-ს კანდიდატის სტატუსისთვის ემუშავა… ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაცაა”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან”
საუბრობს და “ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ეხმაურება.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. ჩემი აზრით, ყველაფერი პირიქით უნდა მოხდეს და მთავრობის იმპიჩმენტი უნდა ხდებოდეს, რადგან ისინი საშუალებას არ აძლევდნენ პრეზიდენტს, საკუთარი უფლებები განეხორციელებინა. სალომე ზურაბიშვილს სურდა, რომ ევროპის დედაქალაქებში ჩამოსულიყო, ასევე ევროპარლამენტში და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ემუშავა, მაგრამ მთავრობამ მისი ეს ვიზიტები დაბლოკა. მე ასეთი რამ არასდროს გამიგია, რომ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში აეკრძალათ პრეზიდენტისთვის, ემოქმედა როგორც პრეზიდენტს. ეს ძალიან ცუდი მესიჯია ევროპის დედაქალაქებისთვის და ყველა გაკვირვებული იქნება.

რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი რამ შეუძლებელია მმართველი პარტიის არაფორმალური ლიდერის თანხმობის გარეშე მოხდეს. ასე რომ, ეჭვი არ მეპარებს, რომ ეს არის მმართველი პარტიის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება.

საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის რეპუტაცია უკვე დაზიანებულია და შთაბეჭდილება იქმნება, რომ მმართველ პარტიას არ სურს კანდიდატის სტატუსის მიღება. სხვა დასკვნა შეუძლებელია გაკეთდეს მას შემდეგ, რაც მათ პრეზიდენტს გაუკეთეს, – ამბობს რასა იუკნევიჩიენე.

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლოს დასკვნაზე სამ მოსამართლეს – ირინა იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს განსხვავებული აზრი ჰქონდათ.

პარლამენტში კი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ხვალ, 18 ოქტომბერს იმსჯელებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share