გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის ინფორმაციით, ისრაელის არმია ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას არ დაიწყებს იქამდე, სანამ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში იქნება. ინფორმაციას გამოცემა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, Der Spiegel-ი წერს, რომ ისრაელის არმია ღაზის სექტორში აქტიური შეტევითი ოპერაციისთვის ემზადება.
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტი ისრაელში ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს იგეგმება.
New York Times-მა 15 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახმელეთო ოპერაცია 14-15 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ოპერაციის დაწყება რამდენიმე დღით გადაიდო, მიზეზად კი, მათ შორის, ამინდის გაუარესება დაასახელეს.
დღეს, 17 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ სამხედროები ღაზის სექტორის წინააღმდეგ კამპანიის შემდეგი ეტაპისთვის ემზადებიან, თუმცა აღნიშნავს, რომ გეგმები შესაძლოა არ შეესაბამებოდეს მოსალოდნელ მოლოდინს სახმელეთო შეტევასთან დაკავშირებით. კერძოდ, მან არ გამორიცხა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია აღარ ჩაატაროს და თქვა, რომ “შესაძლოა, რაღაც განსხვავებული იყოს”.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.