“რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წინააღმდეგობა ჰქონდათ გიორგი მარგველაშვილის მიმართ იმ დღის მერე, როგორც კი გიორგიმ გააჟღერა, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდიოდა… საქმე აქამდე რომ მისულიყო, ამის არანაირი ბერკეტი არ ჰქონდათ. ვერც უბედავდნენ, როცა ხედავდნენ, ხელს კანკალით ართმევდნენ… სალომესთან, ალბათ, კიდევ სხვა ურთიერთობა ჰქონდათ, სხვანაირად იყვნენ თავიდან გარიგებულები და მერე რაღაც შეიცვალა…” – ამბობს ყოფილი პირველი ლედი – მაკა ჩიჩუა…
როგორც ცნობილია, მთელი დღის განმავლობაში, პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით მაკა ჩიჩუამ “კვირის პალიტრასთან” ისაუბრა:
ძალიან დიდ გაუგებრობაში ვართ მოყოლილი…
– გიორგი მარგველაშვილის და სალომე ზურაბიშვილის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას ერთმანეთს ადარებთ?
– არ ვადარებ, მაგრამ აშკარად ჩანს, თუ შენ რაღაცაზე პრინციპულად შენი ინდივიდუალური აზრი დააფიქსირე, შენი მტრები ხდებიან. ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდა. მომენტალურად ლანძღვაზე გადაინაცვლეს. ეს ყველაფერი ცირკს ემსგავსება. ცირკი ისედაც არასოდეს მიყვარდა და ეს კიდევ ცუდი ცირკია. რა მოვლენებსაც ვუყურებთ, სხვა სახელი არ ჰქვია… არც პოლიტიკური მოვლენაა, არც საზოგადოებრივი, საზოგადოების დაცინვაა, მასხრად აგდება, გაყვლეფა, ქვეყნის უზურპაცია, თავიანთი პირადი მიზნებისთვის გამოყენება… ამ დროს ქვეყანა იღუპება – მთლიანობაში მხოლოდ ასეთი შეფასება შემიძლია გავაკეთო…
ქცევები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს არანაირად არ ემსახურება და ემსახურება მხოლოდ კონკრეტულ, ვიღაცის მიზანს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქვეყანა უფსკრულისკენ წაიყვანოს… სიღრმეებში ვეღარც შეხვალ, ვინ ვის რა უთხრა, ამას აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. მათი სახელები და გვარები აღარც გვამახსოვრდება.
ირაკლი კობახიძე იმით დავიმახსოვრეთ, რომ ამდენი ხანია, რაღაც ზნედაცემულ როლს თამაშობს. ბოლომდე რომ თავის თავზე აიღოს, აი, მე იმდენად ზნედაცემული ვარ, ხელს ყველაფერზე მოვაწერ, ოღონდაც ვიღაცას ვემსახუროო… ესენი ხომ თავიანთი სიტყვებით არ ლაპარაკობენ! მათ ხომ თავიანთი პრინციპი არ გააჩნიათ! რაღაც თამაშს თამაშობენ, რომელსაც მიუთითებენ…
– ძალიან დიდი წინააღმდეგობა ჰქონდათ გიორგი მარგველაშვილის მიმართ და როგორ ფიქრობთ, საქმე აქამდე რომ არ მივიდა, რა იყო მიზეზი?
– რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წინააღმდეგობა ჰქონდათ გიორგი მარგველაშვილის მიმართ იმ დღის მერე, როგორც კი გიორგიმ გააჟღერა, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდიოდა… თუმცა საქმე აქამდე რომ მისულიყო, ამის არანაირი ბერკეტი არ ჰქონდათ. ვერც უბედავდნენ, როცა ხედავდნენ, ხელს კანკალით ართმევდნენ… სალომესთან, ალბათ, კიდევ სხვა ურთიერთობა ჰქონდათ, სხვანაირად იყვნენ თავიდან გარიგებულები და მერე რაღაც შეიცვალა… მართლა არ ვიცი, ამ სიღრმეებში რა ხდება და სალომეს ამბავი როგორ უნდა განვიხილო.
ის კი ნამდვილად ვიცი, რომ გიორგიმ ძალიან პრინციპული პოზიცია დაიჭირა, როგორც კი გაარკვია, რომ სხვა მხარეს მიდიოდნენ, ის ღირებულებები და ფასეულობები, რითაც თავიდან „ქართული ოცნება“ მოვიდა, აღარ არსებობდა… მაშინ სულ სხვა ნაკრები იყო იმ პოლიტიკოსების, რომლებიც მერე ასე შემოიფანტნენ.
იმავეზე გიორგის მიმართ სულ იყო ლაპარაკი, თან – არ იყო, რადგან ასეთი ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავდნენ. ახლა ეტყობა, ბევრი რამ შეიცვალა. მაშინაც ბოლოსკენ აღარავინ იყო ღირებულებების მატარებელი… ყველა შეთანხმებული ვიყავით, რომ ჩვენი გზა ევროპული მომავალი იყო, რისკენაც პრინციპულ ნაბიჯებს ვდგამდით. ამისკენ ვილტვოდით მუდამ და უახლესი ისტორიაც რომ გავიხსენოთ, 9 აპრილიდან მოყოლებული, რამდენი ადამიანი დაიღუპა ამ იდეისთვის ბრძოლაში, რევოლუციები, ომები მოხდა… ჩვენი უამრავი თანამემამულე აღარ ცხოვრობს დღეს საქართველოში, რადგან ვეღარ შეძლეს ამ ყველაფრის ატანა მორალურად თუ ეკონომიკურად. ამ დროს ვიგებთ, რომ ვიღაცები ბიუჯეტის ხარჯზე დაფრინავენ, რას არ სჩადიან და, საერთოდ, აღარანაირი მორალი აღარ არსებობს. მერე კიდევ თავხედობენ და ეკრანიდან მიგვითითებენ, როგორ უნდა მოვიქცეთ, ყურს გვიწევენ და თითებს გვიქნევენ… ამის შემდეგ რაღას განვიხილავთ, სალომე რა ჭკუაზე დადგა და ვიღაცამ რა უპასუხა… ეს დეტალები ყოვლად უინტერესოა. ბოლომდე არც ვადევნე თვალი, იმდენად უმნიშვნელო იყო. არაფრისმომცემი გახდა ამ ყოვლად უმსგავსო “სპექტაკლის” ყურება…
პრეზიდენტის მიმართ მუდმივი დევნა იყო და ბოლოს, ყველაფერი ამ დონემდე მივიდა მაშინ, როცა ჩვენ სტატუსს ველოდებით. როგორ ვცდილობდით იქამდე მიგვეღწია, თითქოს უკვე კარიბჭესთან ვდგავართ და ზუსტად ამ დროს ასეთი რამ ხდება… განგებ არის, სხვა რა უნდა ვიფიქრო?! რა დააშავა ასეთი სალომე ზურაბიშვილმა, ასე რომ აუმხედრდნენ?! შენი ქვეყნის პრეზიდენტს რომ ებრძვი, როცა შენი მთლიანი სისტემა ამორტიზირებული, განადგურებული და მითვისებულია რაღაც ბანდის მიერ…
დეტალებში ვეღარ შევალ, მაგრამ ვხედავ, რომ ჩვენი ქვეყანა დაიქცა, ჩამოინგრა და გაუბედურდა. ამდენი ხალხის ჯაფა, მსხვერპლი, ჩვენი მიზნები, ყველაფერი წყალში გადაყრილია.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი რომ არ შედგებოდა, ისედაც ცხადი იყო, რადგან 100 ხმა სჭირდებოდათ… ეს იმისთვის დადგეს, რომ როდესაც ევროპიდან ვინმე “ისეთი” მოდის, სწორედ მაშინ ხდება ასეთი აფეთქებები, თორემ რუსეთის წინააღმდეგ აგერ ტერორიზმზეც არ მისცეს ხმა…
აღარ აქვს მნიშვნელობა იმპიჩმენტი ჩავარდა თუ არა, ეს იმის გზავნილი იყო, რომ ევროპა არ გვჭირდება და ისე ვიქცევით, როგორც რუსეთი მიგვითითებსო.” – აცხადებს ჩიჩუა.