Le Monde: საფრანგეთში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულის მამა საქართველოში ცხოვრობს

ფრანგული მედია Le Monde წერს, რომ 13 ოქტომბერს საფრანგეთში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულის მამა საქართველოში ცხოვრობს და ის ჯერ არ არის დაკითხული. მედიის ცნობით, 20 წლის ტერორისტის მამა საფრანგეთმა 2018 წელს ქვეყნიდან გააძევა.

თვითმხილველები, რომლებსაც გამოძიების შესახებ აქვთ ცნობები, მედიასთან ოჯახს “ტერორისტებად” აღწერენ და აღნიშნავენ, რომ გავლენა მათზე მამამ მოახდინა.

მედიაში გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საფრანგეთს დახმარებისთვის საქართველოსთვის არ მიუმართავს.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს საფრანგეთში ქალაქ არასში თავდასხმა მოხდა – 20 წლის ჩეჩენმა დანით ფრანგული ენის მასწავლებელი მოკლა, კიდევ ერთი მასწავლებელი და დაცვის თანამშრომელი კი მძიმედ დაჭრა.

თავდასხმის დროს ის ალაჰის სადიდებელ ფრაზას ყვიროდა. პოლიციამ თავდამსხმელი და მისი ოჯახის წევრებიც დააკავა, მათ შორის დედა და ძმა. თავდასხმის შემდეგ სკოლაში პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც იმყოფებოდა და ტერორიზმის ბარბაროსობა დაგმო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share