სახალხო დამცველმა კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილისთვის ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების დარღვევა დაადგინა, – ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, ნინო ლომჯარიამ იუსტიციის მინისტრს N8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წინადადებით მიმართა.
სახალხო დამცველი მიესალმება ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის გადაწყვეტილებას და იმედოვნებს, რომ ისინი სრულად ისარგებლებენ დაცვის უფლებით სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს ბრალდების საქმის მასალების შესწავლას და ბრალდებული პირების საპროცესო უფლებების დაცვის ზედამხედველობას.
“დადგინდა, რომ 2020 წლის 30 დეკემბერს ივერი მელაშვილი შეხვდა ადვოკატს, რომელთანაც განიხილავდა დაცვის სტრატეგიის საკითხებს. მან ადვოკატის მიწოდებულ რუკებზე გააკეთა კომენტარები მინაწერის სახით და ითხოვა მასალების ადვოკატისთვის გადაცემა. ადვოკატისთვის დოკუმენტაციის გადაცემის ნაცვლად, დაწესებულების თანამშრომლები შინაარსობრივად გაეცნენ კომენტარებს და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზეს ადვოკატს რუკების ჩაბარება.
კანონმდებლობა ადვოკატისთვის გადასაცემი დოკუმენტაციის შინაარსობრივ გაცნობას მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ პრივილეგიით სარგებლობა ბოროტად, დანაშაულებრივი მიზნით, ან ციხის რეჟიმის საზიანოდ ხდება. მოცემულ შემთხვევაში, მსგავსი ვარაუდის რაიმე საფუძველი არ არსებობდა და შესაბამისად, დაწესებულება ივერი მელაშვილის ჩანაწერებს შინაარსობრივად არ უნდა გაცნობოდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გუშინ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.