“სამართლიანი არჩევნების” ყოფილი თავმჯდომარე, ელენე ნიჟარაძე ორგანიზაციის მიერ PVT-სთან დაკავშირებით დღეს, 29 იანვარს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ უხარია კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რასაც არჩევნების შემდგომ დაუღალავად ლაპარაკობდა.
“ძალიან მიხარია კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რასაც არჩევნების შემდგომ დაუღალავად ვლაპარაკობდი. შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული პრობლემები და ამის არასათანადოდ შესწავლა იყო ამ არჩევნების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა. ეს არის, რაზეც პასუხი უნდა მოეთხოვოს ხელისუფლებას. ამასთან, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას. თავის დროზე, რომ მომხდარიყო ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, რასაც ხელისუფლებას ვთავაზობდით, დღეს ეს პრობლემები არ იქნებოდა. ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ ერთი წინადადებით ვიტყვი იმას, რაც მანამდე ბევრჯერ ვთქვი. ჩემი არჩევნებზე მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს არჩევნები ნამდვილად იყო ყველაზე ცუდი არჩევნები თავისი წინასაარჩევნო კამპანიით, არჩევნების დღით და შემდგომ პერიოდში საჩივრების განხილვის პროცესით. ამან გამოიწვია სწორედ ის მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელში ცხოვრებაც გვიწევს”, – წერს ელენე ნიჟარაძე.
მისი თქმით, იმედი აქვს, რომ ამ განცხადების შემდეგ დამთავრდება მმართველი პარტიის თავდასხმები არასამართავრობო ორგანიზაციებზე, რომელიც რეალური პრობლემის გადაფარვას ემსახურება. ის კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ყველას, ვინც მისი და ISFED-ის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.