„თვალსაჩინოა, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელმაც საარჩევნო კამპანია “გარეჯი საქართველოთი” ჩაატარა და ამ დროს ვხედავთ, რა ხდება ოკუპირებულ ოჩამჩირეში და მხოლოდ მშრალი განცხადებებით შემოიფარგლება,“ – ეს განცხადება „აფხაზური ამბების“ ხელმძღვანელმა, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა გელა ხასაიამ „რეაქციაში“ გააკეთა.
ხასაიასთვის ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას ქვეყნის რეალური გამოწვევა არ ადარდებს. როგორც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ამბობს, რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად ქმედებების უფლებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკა აძლევს.
”ხელისუფლება ამ დროს ღიად აღმოჩნდა იმ მხარეს, სადაც არის რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი. აღმოჩნდა ოჩამჩირე ერთ-ერთი ადგილი, სადაც რუსეთი პოზიციებს გაამყარებს და ეცდება, რომ უკრაინას გაუწიოს წინააღმდეგობა. ამ ყველაფერში ყველაზე მძიმეა, რომ საქართველო ხდება ტერიტორია, რომელსაც უკრაინელების წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა. სამწუხაროდ, ამ დროს ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებს.
ოჩამჩირის ამბები არ არის ერთი კვირის წინ გადაწყვეტილი – ეს განაპირობა „ოცნების“ პოლიტიკამ, რომ გავიხსენოთ ბიჭვინთის ანექსიის პროცესები, მაშინ საქართველოს ხელისუფლებას არ დაუფიქსირებია პოზიცია და მას არ ჰქონია არანაირი პოლიტიკა იმაზე, რომ ამ პროცესს შეწინააღმდეგებოდა. ამას ხედავს რუსეთი და ამისთვის არის მესიჯი, რომ რაც არ უნდა გავაკეთოთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს ხელისუფლება ამის წინააღმდეგი არ იქნება და ხელს არ შეგვიშლის,“ – ამბობს ხასაია.