“მე ძალიან ბევრ ქართველ ოპოზიციონერს შევხვდი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ყველა მათგანი აბსოლუტურად მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას, კანდიდატის სტატუსის მიღებას”, – ასე ეხმაურება ფორმულას ეთერში ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სტატუსთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებას.
კუბილიუსის თქმით, ქართულ ოცნებას ოპოზიციის ეშინია და ეს მმართველი გუნდის მიერ პროპაგანდის გამოყენების პირველი შემთხვევა არაა.
“ქართულ ოცნებას ეშინია ოპოზიციის, რომელიც იბრძვის საქართველოს ინტეგრაციისთვის ევროკავშირში. ოპოზიცია მოახერხებს ამომრჩევლები დაარწმუნოს, რომ მხარი დაუჭირონ მათ და ასე დასრულდება ქართული ოცნება, როგორც დასრულდა პოპულისტური პარტიები მოლდოვასა და უკრაინაში.
მე ძალიან ბევრ ქართველ ოპოზიციონერს შევხვდი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ყველა მათგანი აბსოლუტურად მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას, კანდიდატის სტატუსის მიღებას. ყველას აშფოთებს, როგორ მოიშორონ თავიდან ოლიგარქიული პარტია და როგორ იქნას მიღწეული გამარჯვება შემდეგი წლის არჩევნებში, ეს არ გახლავთ მარტივი ამოცანა”, – განაცხადა კუბილიუსმა.
25 ოქტომბერს ხათუნა სამნიძემ და ხატია დეკანოიძემ განაცხადეს, რომ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები ევროპელი პარტნიორებისგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გადავადებას ითხოვენ. სამნიძის თქმით, ბრიუსელში გაუგებარია, რატომ არ ისმის ოპოზიციური ფლანგიდან ერთიანი გზავნილები.
ამ განცხადების შემდეგ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვა, რომ სტატუსის გადავადებას პარტნიორებისგან ენმ, ლელო, ვაშაძე და გვარამია ითხოვენ.
მოგვიანებით, განცხადებას გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი – მისი თქმით, არაერთი პარტიის წარმომადგენელს შეხვედრია და არავინ გამოსულა კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ.