სერგი მესხმა 1878 წელს რუსულ ჯართან ერთად იმოგზაურა ოზურგეთიდან ბათუმამდე, რა დროსაც რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა დროებაში, რომელშიც აღწერილი აქვს მისი მოგზაურობა. გთავაზობთ ფრაგმენტს მისი დღიურიდან:
.
„მომეტებული ნაწილი ქობულეთის ბაზრის დუქნებისა ამ ჟამად დაკეტილია, აგრეთვე სახლებიც. აქაური ბაზარი ორ-რიგათ გაყოლებულ პატარ-პატარა, ხის დუქნებს წარმოადგენს, რომლებშიაც სხვადასხვა საქონელი პირ-და-პირ ძირს აწყვია და გვერდით უზის მუხლ-მოკეცილი პატრონი დუქნისა.
.
სხვადასხვა ფართალი, ჩითეულობა ბლომად იშოვება; საჭმელ-სასმელი კი ჩვენს ჯარებს გაესაღებინათ. ბევრი ხილი, „კაცის თავა მსხალი“ და უშველებელი ვაშლები, ოყა (სამი გირვანქა) შაურათ ისყიდება.
.
ხალხი მშვენიერი საამო დასანახავია, კარგათ მოყვანილები, ცოცხალ თვალებიანი, თითქო ცეცხლი გადმოსდითო, სწრაფი, მარჯვე; ცხენზე ისე თამამად ზის თითქო დედა-მიწაზედ დადისო. ყველას თოფი მხარზე და ხანჯალი და დამბაჩა გურულად შემორტყმულ სარტყელში.
.
ენით, სიარულით, ტანისამოსით, მიხრა-მოხრით ვერას გზით ვერ გამოიცნობ ქობულეთელს გურულისაგან, თუ ძალიან დაახლოვებით არ იცნობ ორივე ხალხს.“
.
– სერგი მესხის წერილები გამოქვეყნებულია გაზეთ დროებაში (1878 წელი #174; #175; #176)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა