დეკანოზი თადეოზ სარალიძეს გარკვეული ვადით საეკლესიო სასჯელად მონასტერში განწესება დაედო

 საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას: ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს გარკვეული ვადით საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება დაედო. 

ცნობისთვის, საკვირაო ქადაგებისას დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ კორონავირუსზე, ვაქცინაციასა და ბავშვების ინფიცირებაზე ისაუბრა და განაცხადა „ბავშვი თუ პარაზიტია, არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს?! ნუ გეშინიათ ბავშვებო, თქვენ არაფერი არ დაგეტაკებათ, მთავარია ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები და ეკლესიის ერთგულები იყავით, ისეთი რამე გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ და გაცოცხლებთ ბაბუ, თუ არადა თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, არც სპორტში ივარგე, არც ეკლესიაში, მაშინ არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?“, – განაცხადა დეკანოზმა ქადაგებისას.

 დეკანოზ თადეოზ სარალიძემ შენდობის წერილი გაავრცელა და აღნიშნა, რომ მისი ქადაგება არაკორექტული იყო, რამაც საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია.

„მე, დეკანოზი თადეოზი სარალიძე, ვითხოვ შენდობას ჩემი მღვდელმთავრისგან იმის გამო, რომ ვიქადაგე ისეთ თემებზე, რომლებზეც არ მქონდა მისი ლოცვა-კურთხევა. მოძღვარი უფლებამოსილია, ეკლესიაში იქადაგოს მხოლოდ სახარებისა და საეკლესიო დღესასწაულების განმარტება.ეს ქადაგება, რომელიც იყო არაკორექტული, გავიდა სოციალურ ქსელებში და დიდი შეშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში.ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან“,- აღნიშნა სარალიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share