პარტია ლელო-საქართველოსთვის ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ ქართული ოცნების დეპუტატების შეურაცხმყოფელ გამოსვლებს განცხადებით ეხმაურება და მომხდარს “პარლამენტის რეგლამენტის, “ეთიკის კოდექსისა” და “საზოგადოების ღირებულებების” უხეშ ხელყოფას უწოდებს.
პარტიაში ამბობენ, რომ მსგავსი სიტყვიერი თავდასხმა ქალ დეპუტატებზე, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის წახალისებაა, რომელიც ეწინააღმდეგება, ევროპულ ღირებულებებს გენდერული თანასწორობის შესახებ, რაც, თავის მხრივ, გამყარებულია ქართული ტრადიციებით და რომლის დაცვაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.
“პოლიტიკურად და მორალურად მიუღებელია, ყოველგვარ ეთიკურ ჩარჩოებს გამცდარი პერსონალური თავდასხმა, რომელიც დღეს, საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ განხორციელდა. მივიჩნევთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ არ შეასრულა მასზე კანონით დაკისრებული პოლიტიკური ვალდებულებები, როდესაც “პარლამენტის რეგლამენტის” გამოყენებით არც კი სცადა მისი ოპოზიციონერი კოლეგების უფლებები დაეცვა. ,,ქართული ოცნების” დეპუტატების გამოსვლება გასცდა პოლიტიური დებატებისთვის მისაღებ, თუნდაც ძალიან მწვავე ჩარჩოს და გენდერული ნიშნით, პიროვნული და მორალური დისკრედიტაციის მცდელობა იყო.
მსგავსი სიტყვიერი თავდასხმა ქალ დეპუტატებზე, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის წახალისებაა, რომელიც ეწინააღმდეგება, ევროპულ ღირებულებებს გენდერული თანასწორობის შესახებ, რაც, თავის მხრივ, გამყარებულია ქართული ტრადიციებით და რომლის დაცვაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი თავდასხმა ასევე ეწინააღმდეგება პოლიტიკური სივრცის დეპოლარიზაციის ამოცანას, რაც გარდა იმისა, რომ ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაყენებული 12 მოთხოვნიდან კვლავ შეუსრულებელ პუნქტად რჩება”, – აცხადებენ ლელო-ში.
პარტია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, ასევე, პარლამენტის ეთიკურ და გენდერულ საბჭოებს, რომ დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება დღევანდელ ინციდენტზე.
“აქვე გვსურს ხაზგასმა, რომ მსგავსი პერსონალური თავდასხმა ჩვენთვის მიუღებელი იქნებოდა მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს ადრესატი.
იმისათვის, რომ პოლიტიკური დისკურსი ამ ქვეყანაში საერთოდ არსებობდეს, ჩვენ, პირველ რიგში, უნდა შევძლოთ თანაარსებობა როგორც საერთო ადამიანურ და ეთიკურ სტანდარტებზე შეთანხმებულმა საზოგადოებამ”, – ნათქვამია ლელო-საქართველოსთვის განცხადებაში.