“აუდიოჩანაწერში სკანდალური არაფერია – კარასინმა აზრი მკითხა”, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
აბაშიძე “ინტერპრესნიუსთან” ამობობს, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენის პრინციპული გადაწყვეტილება” რუსეთის მხარემ დამოუკიდებლად მიიღო, გავრცელებულ “აუდიოჩანაწერში კი სკანდალური არაფერია”.
“გრიგორი კარასინთან რომ მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია, ამაში ახალი არაფერია. ამისთვის შეიქმნა 2012 წლიდან ე.წ. პრაღის ფორმატი, კერძოდ სატრანსპორტო, სავაჭრო და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად. წელიწადი და 8 თვეა მასთან ეს და სხვა საკითხები არ განხილულა, თუმცა სატელეფონო საუბარი, რომელიც ახლა გამოამზეურეს, შედგა გასული წლის მარტში.
მან აზრი მკითხა და დავუდასტურე, რომ ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრის დაწყება მიზანშეწონილი არ იყო. ეს სწორედ იმის დასტურია, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენის პრინციპული გადაწყვეტილება რუსეთის მხარემ დამოუკიდებლად მიიღო, რასაც ჩვენ სულ ვამბობდით. ამ საუბრიდან ჩანს, რომ მე მას ვეუბნები, ფრენების აღდგენა მიზანშეწონილი არ არის. მოგვიანებით რუსეთმა ცნობილი გადაწყვეტილება მიიღო. სკანდალი არ გამოუვიდათ “,- თქვა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ აბაშიძე-კარასინის სატელეფონო ჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც საუბარი შეეხება რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესაძლებლობას.