პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ქალი დეპუტატის მიმართ შეურაცხმყოფელი გამოსვლის შემდეგ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ირაკლი ბერაიას გადაყენების მოთხოვნა აჩვენებს, რომ ოპოზიციას ადარდებს არა ეთიკური საკითხები, არამედ “ვიღაცების თანამდებობები”. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
“რაც შეეხება თანამდებობიდან გადადგომას, აქ კი ნამდვილად ფარისევლურები იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ჩანდა, რომ სინამდვილეში, პრობლემას ისინი ხედავენ არა იმაში, რომ ეთიკური სტანდარტი დაირღვა და ა.შ., – რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი და არავის არ სიამოვნებს ეს დაძაბული სიტუაცია – მაგრამ ეს კონცენტრირება თანამდებობაზე, გადადგომა-არგადადგომაზე, ზუსტად ამას აჩვენებს: სინამდვილეში, მათ არა ეთიკური რაღაც საკითხები ადარდებთ, არამედ, ადარდებთ ვიღაცების თანამდებობები და ა.შ”, – განაცხადა მან.
31 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ისინი სექსისტურ კონტექსტში მოიხსენიეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს და მას “ბანძი” უწოდა.
რაც შეეხება ირაკლი ბერაიას, ის თავს დაესხა თეონა აქუბარდიას – მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც აქუბარდია მის კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ მას “მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება”.
გამოსვლის ბოლოს ბერაიამ აქუბარდიას ასე მიმართა: “მოვუწოდებ მე ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს”.
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლები რეაგირების გარეშე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ – შალვა პაპუაშვილმა მათ სიტყვა არ შეაწყვეტინა და არც მოგვიანებით მოუწოდებია, რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინათ.
მოგვიანებით, ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის თეონა აქუბარდიამ მოითხოვა, რომ ირაკლი ბერაიამ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტი დატოვოს.