მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, გამოიყენონ მომენტი თავიანთი პოტენციალის რეალიზაციისთვის – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, მიესალმება.
ამის შესახებ სახდეპის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.
„მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის ათი კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნების მისწრაფებებს, რომლებიც აღიარებულ იქნა.
ეს, რა თქმა უნდა, როგორც მოგეხსენებათ ევროკავშირის პროცესია, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გადამწყვეტი მომენტი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის და მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, გამოიყენონ მომენტი თავიანთი პოტენციალის რეალიზაციისთვის“,- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ევროკომისია გაფართოების შესახებ ევროპარლამენტისთვის გაგზავნილ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტი ათ ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს მოიცავს. დოკუმენტში საუბარია 12 რეკომენდაციის კონტექსტში გატარებულ რეფორმებზეც.
ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ რეკომენდაცია, რომ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, – ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.