საფრანგეთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის ხვალიდან საზღვრებს კეტავს, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა. შეზღუდვა არააუცილებლობით გამოწვეულ მგზავრობას შეეხება.
ამასთან, საფრანგეთი ქვეყანაში შესვლის წესებს ევროკავშირისთვისაც ამკაცრებს. კერძოდ, ბლოკის ნებისმიერი ქვეყნიდან საფრანგეთში შესვლისას მოქალაქემ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს. ეს წესი მანამდე საფრანგეთში მხოლოდ საზღვაო და საჰაერო გზით შემავალ მგზავრებს ეხებოდა, ხვალიდან კი სახმელეთო მგზავრობაზეც გავრცელდება.
ცნობისათვის, საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავაც მაღალია. გუშინ ქვეყანაში ვირუსს კიდევ 820 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 75 620-მდე გაიზარდა. საფრანგეთში ყოველდღე, 18:00-დან 06:00 საათამდე, ე.წ. “კომენდანტის საათი” მოქმედებს.