შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა.
“შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ გურიის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. ვლადიმერ ბორცვაძემ ლევან ხარაბაძეს და გურამ ზესაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
გურიის პოლიციის დეპარტამენტს პოლიციის პოლკოვნიკი ლევან ხარაბაძე უხელმძღვანელებს. ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ლევან ხარაბაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს – მას პოლიციის პოლკოვნიკი გურამ ზესაშვილი უხელმძღვანელებს. ამ დრომდე გურამ ზესაშვილი მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.
პოლიციის დეპარტამენტებში საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული და საკადრო ოპტიმიზაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც პერიოდულად ხორციელდება. ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცვლილებების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა, ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.”-
ნათქვამია უწყების განცხადებაში