“მთავარი არხის” დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას ნიუ-იორკში პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ის პირველი ქართველია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
“ამ ჯილდოს ვუძღვნი ჩემს ოჯახს, ცოლ-შვილს, სოფოს განსაკუთრებით, იმიტომ, რომ ჩემი ღრმა რწმენით მან ყველაზე მეტი გააკეთა ჩემი თავისუფლებისთვის, ვუძღვნი მთავარ არხს, რომელიც ჩემი დიდი ოჯახია და რომელიც არანორმალურად მიყვარს. სადაც არ უნდა ვიყო, როცა არ უნდა ხდებოდეს ეს, მთავარი არხი ჩემთვის მთავარია, მთავარი ხართ თქვენ, დაიმახსოვრეთ.
თუ პერსონალურ მიძღვნაზეა, მე ვუძღვნი ამ ჯილდოს ადამიანს, რომელმაც, მე თუ 400-დღიანი პატიმრობა გავიღე მსხვერპლად თავისუფლებისთვის ბრძოლაში, მან სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად და ეს ჯილდო ეკუთვნის უფრო მეტად მას – ლექსო ლაშქარავას. პერსონალურ მიძღვნაზე თუ არის, მე ამ ჯილდოს ვუძღვნი ლექსო ლაშქარავას.
მე ვფიქრობ, რომ CPJ-ის მიერ ამ პრემიის გადაცემა იყო არა მარტო იმის აღნიშვნა, რომ მე ეს დავიმსახურე, არამედ, პირველ რიგში იყო განაცხადი, რომ ევროპა არ არის ავტორიტარებისგან თავისუფალი ტერიტორია, ევროპა არ არის პოლიტპატიმრებისგან თავისუფალი ტერიტორია და საქართველო, დიახ, მას ჰყავს პოლიტპატიმრები, ის არის ავტოკრატიული მმართველობის ქვეშ”, – თქვა ნიკა გვარამიამ.
“მთავარი არხის” დამფუძნებელთან ერთად კიდევ სამი ჟურნალისტი დაჯილდოვდა: შაჰინა კ.კ. – ინდოეთიდან, მარია ტერეზა მონტანო – მექსიკიდან და ფერდინანდ აიიტე – ტოგოდან.