სუიციდის მცდელობა ელექტროსადენებით – საქმროს მიერ მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედამ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. ეგანა მაგამაროვა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღეს სასამართლო პროცესზეც ვერ მივიდა. ის დისტანციურად ჩაერთო პროცესზე. “გთხოვთ, უფლება მომეცით შვილის საფლავზე მივიდე” – ეს იყო ბრალდებულის ერთადაერთი თხოვნა სასამართლოსადმი.
მოსამართლემ არც ბრალდებულის თხოვნა და არც ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატმა დღეს სასამართლოს აითაჯის დედის ჯანმრთელობის ცნობაც წარადგინა. ირკვევა, რომ მაგამაროვას სიმსივნე აქვს და მისი მდგომარეობა ციხეში ყოფნის დროს კიდევ უფრო დამძიმდა.
დაცვის მხარემ გირაოს სახით 50 ათასი ლარის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებული დედა ციხეში დატოვა.