ხელფასებგაზრდილი მილიონერები – ვასილ ჩიგოგიძის ბიზნესები, აგარაკები და მილიონები

150 დეპუტატიან პარლამენტში, სადაც მრავლად არიან მილიონერები, ხელფასები გაიზარდეს. კანონმდებლების ანაზღაურება პირველი იანვრიდან საშუალოდ 8 500 ლარი იქნება, ზოგს თვის ბოლოს 10 000 დაერიცხება. ეს თანხა იზრდება თანამდებობების შესაბამისად. მილიონერი კანონმდებლების უმეტესობას პარლამენტში ხმა არასდროს ამოუღია და არც რაიმე საკანონმდებლო ინიციატივით გამოსულა.

ქართული ოცნების დეპუტატი და 2 მოწვევის პარლამენტარი ვასილ ჩიგოგიძე თბილისსა და რეგიონებში 2 მილიონ ლარზე მეტ უძრავ ქონებას ფლობს. მისივე საკუთრებაშია  რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდებიც. “ქართული ოცნების” დეპუტატი არაერთი შპს-ს  დამფუძნებელი და კავკასიის უნივერსიტეტის 12%-იანი იან წილის მესაკუთრეა.

ვასილ ჩიგოგიძის და მისი ოჯახის წევრების სახელზეა რეგისტრირებული 14 საცხოვრებელი ბინა თბილისის მასშტაბით და მდიდრული აგარაკი დედაქალაქთან ახლოს – წყნეთი, სატყეოს ტერიტორია.  3 სართულიანი აგარაკი მანსარდით, საზაფხულო  სივრცითა და სარდაფით სწორედ  ჩიგოგიძის საკუთრება. დეკლარაციის მიხედვით მისი საერთო ფართი  600 კვ.მია.

მდუმარე დეპუტატი, რომლის ხმაც საკანონმდებლო ორგანოში საერთოდ არ ისმის და  მისი მთავარი მოვალეობა მხოლოდ მწვანე ღილაკზე ხელის დაჭერაა, გვიმტკიცებს, რომ არც ბიზნეს ლობიზმითაა დაკავებული და ბევრ საქმესაც აკეთებს .

ქართული ოცნების კიდევ ერთი მილიონერი დეპუტატი ბეჟან წაქაძეა. ის ათობით მილიონი ლარის უძრავ ქონებას ფლობს. მის მფლობელობაშია ძვირადღირებული ფერწერული ტილოებისა და ავტომობილების კოლექცია. ბეჟან წაქაძე 50%-იან წილს ფლობს დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრშიც.

ბეჟან წაქაძის მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული ფეშენებელური ვილები წავკისსა და წოდორეთში, რომელთა საერთო ღირებულება  მილიონ ლარს ცდება.  გარდა ამისა წაქაძის ოჯახის საკუთრებაშია 12 მიწის ნაკვეთი, 3 ბინა და არაერთი ავტოფარეხი თბილისში. ბიზნესიდან მოსული დეპუტატი გვიმტკიცებს, რომ მისი მთავარი საქმიანობა ქველმოქმედებაა და ის მე-10 მოწვევის პარლამენტის აქტიური დეპუტატია.

მილიონ 165 025 ევროდაა შეფასებული ანტონ ობოლაშვილის ბინა პარიზში. საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში  ქართველი დეპუტატი 130 კვ.მ საცხოვრებელს ფლობს. ამის გარდა ობოლაშვილს 2 ფეშენებელური სახლი აქვს მცხეთასა და  წავკისში. ანტონ ობოლაშვილის უძრავი ქონება საქართველოში 2 მილიონ ლარს აჭარბებს. დეპუტატი საათების მოყვარულიცაა. მის საკუთრებაშია 3 ძვირადღირებული ბრენდის საათი, ჯამში 47 000 დოლარის ღირებულებისა. დეპუტატი არ მალავს რომ მდიდარია და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

მდუმარე მილიონერი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე დიდ დანაზოგს ფლობს. 100 000 ლარზე მეტს ის თიბისი ბანკში გახსნილ ინახავს. ჩაჩავას კლინიკის აქციებიდან კი მისი შემოსავალი  2 მილიონ ლარს აჭარბებს.

თბილისი. გმირთა მოედანი.ფიქრის გორა. 437 კვადრატული მეტრის პრემიუმ კლასის საცხოვრებლის მფლობელი  მილიონერი დეპუტატია. ამ უძრავ ქონებაში ელგუჯა გოცირიძემ 2020 წელს 2 მილიონ ლარამდე გადაიხადა. დეპუტატს ეკუთვნის პენტჰაუზის ბოლო სართულზე მოწყობილი ორანჟერეაც პანორამული ხედებით.

ვილა კოჯორში მან 2020 წლის მაისში 1 მილიონ ლარად იყიდა.

კითხვებს არ პასუხობს ჯავახეთის ფეოდალად წოდებული  სუმბატ კიურეღიანი. “რადიო თავისუფლების” საგამოძიებო რეპორტაჟიდან კი ირკვევა რომ დეპუტატის მფლობელობაშია  440 ჰექტარი მიწა ჯავახეთში, რაც 2 -ჯერ აღემატება, ჯუჯა სახელმწიფო მონაკოს საერთო ფართს. ნინოწმინდაში  მრგვალი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეშენებელური სახლიც, ბიზნესმენ დეპუტატს ეკუთვნის.

საქართველოს პარლამენტის მდიდარი წევრი აღმოჩნდა რომ ქართულ ენას ვერ ფლობს. სამველ მანუკინიანმა ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვას, ოკუპანტის ენაზე უპასუხა ,რაც კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.

ჩვენს კითხვებს გაურბის სიძულვილის ენით გამორჩეული და ქართული ოცნების მთავარი პროპაგანდისტი დიმიტრი სამხარაძეც.

ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პრორუსული პარტიის ლიდერმა  ფრინდონ  ინჯიამ გასულ წელს 186 000 ევროს ღირებულების ვერტმფრენი შეიძინა და  5 მილიონ ლარზე მეტ უძრავ ქონებას ფლობს.

ინჯიას თანაპარტიელი ავთანდილ ენუქიძე, მდიდარი ოპოზიციონერი დეპუტატი და პარლამენტის ვიცე სპიკერი არ მალავს, რომ მას ხელფასის გარდა არაერთი ბიზნესი აქვს, რომელსაც ლობირებს.

ბიძინა ივანიშვილს  პარლამენტში ოფიციალურად  28 მილიონერი დეპუტატი ჰყავს. რეპორტაჟში ჩვენ შევეცადეთ ნაწილი მათგანის ქონება გვეჩვენებინა, ისიც მხოლოდ ის, რაც ოფიციალურად დეკლარირებული აქვთ, თუმცა დიდია ალბათობა იმისა რომ მდიდარი მაგრამ მდუმარე პარლამენტარები გაცილებით დიდი ქონებას ფლობენ. დეპუტატის სტატუსი კი ხშირად მხოლოდ საკუთარი ბიზნესის ლობირებისთვის სჭირდებათ.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share