“თუ არ შეიქმნა ფრონტი და არ მოხდა აქეთა ფლანგის გაძლიერება, “ოცნებას” არჩევნები მოგვარებული აქვს, ეს რეჟიმი საერთოდ არაფერს არ დათმობს,” – ეს განცხადება ჟურნალისტმა, ირაკლი წულაიამ “რეაქციაში” გააკეთა. წულაიას განცხადებით, ოპოზიცია უნდა გაძლიერდეს.
წულაია ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურის საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტში შემუშავებულ რეზოლუციას ეხმაურება და მთავრობას უმოქმედობის და რუსეთთან გარიგების გამო აკრიტიკებს.
”აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ, წარმოუდგენელი რაღაცები ხდება – გვიკლავენ ნამდვილ გმირს და ხვალ ევროპარლამენტი დადგენილებას იღებს და ჩვენს პარლამენტს სიტყვაც არ უთქვამს, მრცხვენია, ასეთი ხელისუფლება რომ მყავს, აზრის დაფიქსირებაც რომ ეშინიათ. მტერთან არიან გარიგებულები იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნონ. ამის ნათელი მაგალითია ყოფილი გენპროკურორის ამბავი, რომ მთელი ინსტიტუტები ჩართეს, რომ ეს რიგითი ფარცხალაძე გადაერჩინათ და ქვეყნიდან ისე გაუშვეს ადამიანი, რომელიც პირდაპირ დასახელდა რომელ კგბ-ს თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი.
მგონი ის, რომ „ქართული ოცნება“ ცუდია, ამაზე მთელი საზოგადოება არის შეთანხმებული, უბრალოდ საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, ვინ არის უკეთესის შემთავაზებელი.
უნდა ვეძებოთ პარტიები, რომლებიც არც ნაცებთან ასოცირდებიან და არ უნდა ასოცირდნენ და არც ოცნებასთან. ასეთი პარტიები არიან გახარიას პარტიას აქვს 10 პროცენტი და ლელო – 5 პროცენტი. ვუსმენდი ხაზარაძესაც, გახარიასაც და ასე მგონია, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს პარტიის ლიდერები არიან,“ – ამბობს ირაკლი წულაია.